თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, აცხადებს, რომ „ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არავინ უჩივის”.
მისივე სიტყვებით, “კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი“.
“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა აღნიშნულის თაობაზე განცხადება არავის გაუკეთებია.
„თქვენ, სად წაიკითხეთ, უბრალოდ, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს? ეს განცხადება არავის გაუკეთებია.
თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს უნდა მიმართოს. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი.
სხვა რაღაცაზე თქვენ სვამთ კითხვას და ამიტომ, გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა. გარკვეული რომ იყოთ, ამ შეკითხვას არ დასვამდით.
არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ კონსტიტუცია დავიცვათ. თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, რიგით მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვაზე? ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ვართ ვალდებულები დავიცვათ კონსტიტუცია.
თქვენ, როგორ მოგეწონებათ ახლა, რომ მე, ქალაქის მერი უხეშად ჩავერიო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში ან პირიქით. შესაბამისად, კონსტიტუციის დაცვა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლაც და სამომავლოდ. არანაირ დასჯაზე საუბარი არ არის, ნუ იგონებთ და ნუ სპეკულირებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყების თაობაზე განცხადება გუშინ, თავად „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა.
როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში იყო ნათქვამი, პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევას, რის გამოც „ქართული ოცნება“ იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
