“ლელოს“ განცხადებით, მთავრობა უკვე მერამდენე თვეა ვერ ახერხებს აქტის მიღებას, რომლის საფუძველზეც დუშეთის რაიონის მაღალმთიანი 18 სოფელი ბუნებრივ აირს მიიღებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, “ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი და წარმოუდგენელი ბიუროკრატია”.
„მთავრობა უკვე მერამდენე თვეა ვერ ახერხებს აქტის მიღებას, რომლის საფუძველზეც დუშეთის რაიონის მაღალმთიანი 18 სოფელი: ყოფილი ჟინვალი, საკრამული, ჩინთი, მლაშე, ხარხეთი, სალაჯური, ჩუბინიანთკარი, პავლეური, მანასეური, გოგნაური, გრიგოლიანთკარი, ჩირდილელიანთკარი, სოფელი ცივწყარო, ჯუღისი, ვაშლობი, დოლასქედი, ზემო არანისი, ყვავილი ბოლოს და ბოლოს მიიღებენ ბუნებრივ აირს. გაზსადენი სოფლებში გაყვანილია, გაზის მრიცხველები სახლებთან დამონტაჟებულია, ფაქტობრივად ყველაფერი მზად არის, საჭიროა მხოლოდ გაზსადენების გადაცემა ლიცენზიანტი კომპანიისთვის, მაგრამ მოსახლეობა ზამთარს კვლავ სიცივეში, გაუსაძლის პირობებში, ბუნებრივი აირის გარეშე ატარებს.
ორი თვეა ვცდილობთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩინოვნიკებს გავაგებინოთ, რომ ზამთარში ადამიანებს სცივათ, ვცდილობთ ავუხსნათ, რომ საჭიროა ბევრად სწრაფი და ოპერატიული მოქმედება, რომ დუშელების „დალოდების დრო“ უსასრულო ვერ იქნება, მაგრამ ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმის პერსონაჟებამდე ეს ინფორმაცია არ, ან ვერ დადის! „ცისფერი მთებია” პრაქტიკულად. ბიუროკრატიის ლაბირინთებში ვიხლართებით”, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.
როგორც “ლელოს” ერთ–ერთი ლიდერი აცხადებს, „ლელოს“ რეგიონული პროგრამის „თქვენთან ერთად“ ფარგლებში, საქართველოს არაერთ სოფელსა თუ დაბაში, განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში, მოხდა ადგილობრივების პრობლემების შესწავლა. პარტიამ დაიწყო მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე მუშაობა.
„მიმდინარე წლის იანვარში დუშეთის რაიონის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობასთან პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეხვედრის დროს გამოიკვეთა გაზმომარაგების პრობლემა. ამ სოფლებს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმის თანახმად, 2021 წელს უკვე უნდა ჰქონოდათ გაზის გამოყენების საშუალება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, წლევანდელი ზამთარიც და გაზაფხულის ერთი უხვთოვლიანი და ცივი თვე სოფლების მოსახლეობამ კვლავ უგაზოდ გაატარა. რატომ? ობიექტური პასუხი მთავრობისგან არ არსებობს“, – აღნიშნავს თაზო დათუნაშვილმა.
„ლელოში“ ამბობენ, რომ პრობლემის თაობაზე სადეპუტატო მანდატის გამოყენებით, ორჯერ მიმართეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
პარტიის ინფორმაციით, ერთხელ ყოფილ მინისტრ თურნავასგან მიიღო „ზოგადი, არაფრისმთქმელი პასუხი, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ“.
„მეორედ მივმართეთ ლევან დავითაშვილის, თურნავას შემცვლელს, თუმცა მისი მოადგილის, რომეო მიქაუტაძისგანაც პრაქტიკულად ვერ მივიღეთ ვერანაირი კონკრეტული პასუხი. ბატონი რომეო გვიხსნის, რომ საჭიროა შემაჯამებელი აქტის/ მთავრობის განკარგულების გამოცემა, თუმცა როდის გამოიცემა ეს აქტი, რაც გინდა უცნაური იყოს, არ იცის.
„რეალურად „ცისფერი მთებია“! ეს, რაც დუშეთის მაღალმთიან სოფლებთან დაკავშირებით ხდება, ჩინოვნიკების მხრიდან დანაშაულებრივი გულგრილობის ქრესტომათიული მაგალითია. სამინისტროებში შემთხვევით მოხვედრილ და სკამებს ჩაბღაუჭებულ ჩინოვნიკებს მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებთ. ახლა სამინისტროში გაგზავნილ მესამე წერილზე პასუხს ველოდებით. 10 დღე, როგორც კანონი ითვალისწინებს, დაველოდებით და პრობლემის მოგვარების ოფიციალური გზების ამოწურვის შემდეგ, რადიკალურ ზომებს მივმართავთ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.