კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ტერეზა რიბერიოს შეხვდა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ივანე მახარაძემ რიბერიოს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია.
მან ეუთოს წარმომადგენელს ასევე გააცნო ის მიღწევები, რაც ქვეყანას მედიის თავისუფლების მიმართულებით აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.
როგორც კომისიაში აღნიშნავენ, ივანე მახარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება და პლურალიზმი სრულად დაცულია, ამასთან მახარაძემ შეხვედრის ფარგლებში იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მედიას კვლავ აქვს და რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020 და 2021 წლებში ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა ნათლად აჩვენა.
“მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით პლურალისტურ და მრავალფეროვან მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი დეზინფორმაციის გავრცელებით, მანიპულაციით და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობითაა დაკავებული. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ცალკეულ მაუწყებლებში სიძულვილის ენის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ანალოგიურ გამოწვევებზე იქნა გამახვილებული ყურადღება ეუთო/ოდირის მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგში. მიგვაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები აუცილებლად უნდა დავძლიოთ”, – განაცხადა შეხვედრაზე ივანე მახარაძემ.