რეჟისორი ელდარ შენგელაია შვილის, ელენეს ტრაგიკულად გარდაცვალების დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ფილმი „ცისფერი მთები“ სწორედ გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა. პირად ტკივილზე შენგელაიამ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.
„ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. ჩვენ წავიყვანეთ ოპერაში, ნახა ნინო ანანიაშვილი და დაიწყო ცეკვა, როგორც ბალერინამ. მერე ყველაფერი მიატოვა, სწავლობდა გერმანიაში, მერე ამერიკაში. მერე მოინდომა მანქანებზე სიარული, ვეწინააღმდეგებოდი… დაჯდა მანქანაზე, თავის მეგობარი გააცილა, მაინცდამაინც მაშინ იყო წვიმა, დაეჯახა ხეს, ძალიან ცუდად გახდა. ჩვენ არ დაგვირეკა, დაურეკა თავის მეგობრებს. ავლაბარში, საავადმყოფოში წაიყვანეს, ჩვენ მივვარდით. ექიმებმა გვითხრეს ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ მერე გამოვიდნენ და სახეზე მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. შევედი, იქ ექთანი იყო და მითხრა, თვალები დაუხუჭეო. ასე წავიდა ელენე, ეს ჩემთვის და ჩემი ნელისთვის არის მუდმივი სევდა, ცისფერი მთები მივუძღვენი მას“ – ჰყვება ელდარ შენგელია და სჯერა, რომ „ის არის ღვთისმშობელთან, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უმანკო ადამიანი იყო“.
