LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ევროკომისიამ მოგვანიჭა ევროპერსპექტივა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არ უხარიათ იმ ადამიანებს, ვისაც თავი ყველაზე პროდასავლელებად მოაქვთ

69
მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიამ პირველად ახსენა ფრაზა – ევროპერსპექტივა და ეს გასახარია. ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას ისაუბრა.

“ევროკომისიამ პირველად ახსენა ეს ფრაზაც და მოგვანიჭა ევროპერსპექტივა, რაც უდავოდ გასახარი ამბავია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არ უხარიათ იმ ადამიანებს, ვისაც თავი ყველაზე პროდასავლელებად მოაქვთ.

მეორე მხრივ, როდესაც მოხდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება, ეს ძალიან კარგია, რადგან მათთვის ეს იყო სტიმული ამ მძიმე მდგომარეობაში. პირველ რიგში, უკრაინისთვის, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ამაზე აღარ ვისაუბრებ. რუსეთის ღია აგრესია მიდის იქ და ელემენტარული მინიმალური მხარდაჭერა მაინც სჭირდება ამ ხალხს და ამას მივესალმებით. ასევე მოლდოვას შემთხვევაშიც, რომელსაც უკრაინის შემდეგ ომის შედეგები ყველაზე მძიმედ დაატყდა თავს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარ მილიონ ლტოლვილს იფარებს 2,5-მილიონიანი ქვეყანა. სტატუსის მინიჭება რომ არ მოხდა საქართველოს შემთხვევაში, თუ ობიექტურ კრიტერიუმებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ უსამართლო გადაწყვეტილება. ამავე დროს, ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი ქვეყნის ლიდერმა პირდაპირ გვითხრა ორი რამ – რომ არ იყოს ომი უკრაინაში, ალბათ, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა და მეორე – მან ახსენა არათუ მინიშნება, არამედ პირდაპირ თქვა გეოგრაფია.

გეოგრაფია იყო ის საკითხი, რომელიც ბევრჯერ გამხდარა ჩვენი მეგობრების მხრიდან მინიშნებების საფუძველი და ასევე მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანების საფუძველი, მაგრამ ყველაზე კარგი ამაში ის არის, უახლესი წარსული ხომ გვახსოვს, მოლაპარაკებები დაწყებულა გვიან, მაგრამ სხვაზე ადრე მიგვიღია შედეგი, ამიტომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გეოგრაფია არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი”, – თქვა მდინარაძემ.

უშუალოდ დღევანდელ აქციაზე საუბრისას, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომლის მინიმუმ ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან, ირღვევა დღევანდელი აქციის მოწოდებებიდან. ისინი ცდილობენ, რომ ქართული მოსახლეობის არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ ისტორიულ პროცესში არ არსებობს. ასე რომ ალაგებ 10 წელია და ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ?

დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და რაღაც მომენტში არ უნდა ილაპარაკო, ესენი კი მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ღარიბაშვილი: ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის

პოპულარულები