LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წუხილი და შეშფოთება პოლარიზაციის გამო – რა წერია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში?

91
BeFunky-collage (2)

ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში წარადგინეს, რომელშიც მთელი რიგი მიმართულებით რეფორმების გატარების აუცილებლობაზეა საუბარი.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარდგენისას აღნიშნა, რომ დოკუმენტი მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და იმეორებს, რომ სტატუსის მინიჭებისათვის საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც მითითებულია კომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ დასკვნაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი: საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ – მოაგვარეთ 12 პრიორიტეტი! გასაგები და მარტივია

მისივე თქმით, დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები და მტკიცედ დაიწყოს კომისიის მოსაზრებაში მითითებული რეფორმების განხორციელება, იმისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, განახორციელონ ქვეყნის ამბიციური ევროპული მისწრაფებები.

„ანგარიშის პროექტში წუხილია გამოთქმული, რომ სიღრმისეული პოლარიზაცია კვლავ არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი მახასიათებელი. დოკუმენტი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ.

დოკუმენტი ხაზს უსვამს მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოასწორონ ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ყველა დონის სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესში და გენერალური პროკურორის წარდგენისა და დანიშვნისას, რათა პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარებისა და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნისკენ.

ხაზს უსვამს, რომ ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები მნიშვნელოვანი დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს მხოლოდ აძლიერებს აღქმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიზებულია. ამ კუთხით აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნეს „ოდირისა“ და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების სრულ გამოსწორებამდე; იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმირების პროცესში პროგრესის არ არსებობდა გახდა მიზეზი, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს ტრანში გასული წლის სექტემბერში.

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს გასული წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე; შეშფოთებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რაც ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება და ამ კუთხით, სინანულს გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო „ოდირის“ რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ და ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის ხელშეწყობა.

ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება

რასა იუკნევიჩიენე: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას

როგორც საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის ავტორმა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ტექსტი საჭიროებს შევსებას და ეს შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარების დელეგაცია მომავალ კვირაში ჩავა საქართველოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში.

ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად 2022 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.

magti 5g