რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობიკო სტურუა იუბილარია.
რეჟისორს 84 წელი შეუსრულდა.
რუსთაველის თეატრი რობიკო სტურუას დაბადების დღეს ულოცავს:
„ბატონო რობერტ, რუსთაველის ეროვნული თეატრი გილოცავთ დაბადების დღეს!
თქვენთან ერთად რუსთაველის თეატრმა საოცარი წარმატებისა და ტრიუმფის წლები განვლო.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, თქვენი შემოქმედებითა და მოღვაწეობით კიდევ ბევრ სიხარულს, აღტაცებას, გაოცებას მოუტანთ ქართველ ( და არა მხოლოდ ქართველ) მაყურებელს.
ძალიან გვიყვარხათ!“ – ვკითხულობთ რუსთაველის თეატრის ფეისბუქგვერდზე.
აქვე ვკითხულობთ სხვადასხვა დროს მაესტროს ინტერვიუებიდან საინტერესო ამონარიდებს.
“ყოველთვის მიკვირდა, რატომ წარმოიშვა ჯერ ტრაგედია და შემდეგ კომედია, იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი ბედის დატირება იოლია და მაყურებელსაც გულზე ხვდება რომანტიკულ საბურველში გახვეული ტანჯვა-წამება.
გაცილებით რთულია, დასცინო ცხოვრების უკუღმართობას, მასხრად აიგდო საკუთარი თავი, კომედია ხომ სიმართლის გაშიშვლებაა და მაინცდამაინც არ ხიბლავს მაყურებელს, პირიქით – აღიზიანებს კიდეც.”
„…მე ბრალსა მდებდნენ გარეგნული ფორმებით გატაცებაში, მაგრამ თეატრი განა სანახაობა არ არის?…
მე ბრალსა მდებდნენ ეროვნული ქართული ტრადიციებიდან გადახვევაში, მაგრამ განა ქართული თეატრისათვის უცხოა ყველა დროის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობანი?…
მე ბრალსა მდებდნენ, რომ ჩემს ძიებაში მიწას ვწყდები, მაგრამ განა შეიძლება ასე იმსჯელო ფანტაზიაზე, რომელიც რეალობას ეფუძნება?!
მე ბევრ რამეში მდებდნენ ბრალს…ალბათ ოდესმე მომეკითხება…“
„სტუდენტი ვიყავი, ერთი ფრანგი მსახიობის ჩანაწერებს რომ წავაწყდი. მისი მონაყოლი დღემდე მაწვალებს, არ მავიწყდება.
თუ გსურს მიხვდე რა სწრაფად გადის დრო, მოდი თეატრში. მოდი თეატრში, როცა იქ არავინაა, დადექი ჩაბნელებულ სცენაზე, ცარიელი დარბაზის პირისპირ, დახუჭე თვალები…გაირინდე..უცებ ჩუმი, ჩუმი შრიალი გამოგაფხიზლებს და სახეზე უცნაურ შეხებას იგრძნობ-თითქოს ნიავმა გადაგიარა.
ეს დრო იყო, დრომ ჩაგიქროლა…უხილავმა, დაუნდობელმა…მე ასეთი რამ მხოლოდ რუსთაველის თეატრის სცენაზე ვიგრძენი, რატომღაც არსად არასოდეს ეს აღარ განმიცდია.“ – ამბობს რობიკო სტურუა.