LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სცენოგრაფიის IV საერთაშორისო ბიენალე გაიმართება

547
ფორტუნა

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის – YTA UNION-ის ორგანიზებით, თბილისში გაიმართება სცენოგრაფიის IV საერთაშორისო ბიენალე, რომელიც მოიცავს 9 ქვეყნის  საერთაშორისო  გამოფენას, 3 დღიან საერთაშორისო სიმპოზიუმს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, მასტერკლასებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მრგვალ მაგიდას და ა.შ.

თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე არის სცენოგრაფიის ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა შავი ზღვისა და საერთოდ კავკასიის რეგიონში, რომელიც ქმნის კულტურულ ქსელს სცენის დიზაინის განვითარებისათვის.

მასშტაბური ამბიციური პროექტის მიზანია გახდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეგიონული ფორუმი სცენოგრაფიის  პროფესიული განვითარებისთვის, კულტურათაშორისი დიალოგისთვის, არტისტების მობილობისათვის, ცოდნისა და კულტურული პროდუქციის მიმოქცევისათვის, საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა თანამედროვე პროფესიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომობისათვის.

წელს, ბიენალეს მეოთხე გამოშვების  გამოფენებში და სიმპოზიუმში  მონაწილეობენ ვიზუალურ და საშემსრულებლო ხელოვნების დარგში მომუშავე არტისტები, სცენოგრაფები, არქიტექტორები, მკვლევარები, არტ-მენეჯერები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

2022 წლის ბიენალე ფოკუსირებულია უკრაინაში მიმდინარე ომსა და თანამდევ მოვლენებზე. შესაბამისად, უკრაინული პავილიონი გახლავთ YTA UNION-ის  დიდი პროექტის  „საქართველოში უკრაინელი სცენოგრაფი ქალების არტ-რეზიდენციის“ საკვანძო ნაწილი, რომლის პარტნიორიცაა ქ. ლვოვის „სცენოგრაფიის გალერეა“. უკრაინის  ეროვნული პავილიონისთვის გამოყოფილ განსხვავებულ სივრცეს მასპინძლობს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. (მისამართზე- ათონელის ქ. #9)

ბიენალეს საერთაშორისო გამოფენა  შედგება პროფესიული და სტუდენტური სექციებისგან და მასში წელს მონაწილეობენ საქართველო, ჩინეთი, კანადა, იტალია, სერბია, ბელორუსი, კიპროსი, პოლონეთი. საერთაშორისო გამოფენის ორივე სექცია  განთავსებულია საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში. ( გ.ჭანტურიას ქ #8)

საერთაშორისო სიმპოზიუმის თემა – დროებითობა – ომი, პანდემია, თეატრი.

სიმპოზიუმი ფოკუსირებულია უკრაინაში მიმდინარე ომსა და მოვლენებზე, შესაბამისად პირველი სესია სრულად დაეთმობათ უკრაინელ მონაწილეთა შემოქმედებას და პრეზენტაციებს.

სიმპოზიუმი ორგანიზებულია სცენოგრაფთა საერთაშორისო  ორგანიზაციის OISTAT  ეგიდით.

სიმპოზიუმის სამუშაო ენა ინგლისურია.

თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე დაარსდა 2016 წელს. ბიენალეში მონაწილე ქვეყანათა და ხელოვანთა რიცხვი დაარსებიდან დღემდე მზარდია და პროგრესირებადი. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, შერეული ფორმატის ბიენალეში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის, ევროპის და აზიის 12 ქვეყნის 130 ხელოვანებმა.

სიმპოზიუმის ლოკაცია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, ლადო გუდიაშვილის #7.

ვიდეოჩანაწერები და პრეზენტაციების ბეჭდური ვერსია განთავსდება თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალეს ვებ-გვერდსა და სხვადასხვა სოციალურ გვერდებზე:

https://www.facebook.com/scenography.gallery

https://www.facebook.com/Residency-National-Pavilion-of-Ukraine-at-TBSD-2022-103976205793423

http://www.tbilisibiennale.com/wp2/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g