გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინისთვის ზამთრის დახმარების აღმოჩენას „დიდი შვიდეულის“ პარტნიორები ახლა ერთად დაიწყებენ.
„ჩვენ არ დავუშვებთ, უამრავი ადამიანი – მოხუცები, ბავშვები, მოზარდები, ოჯახები – შიმშილით ან სიცივით დაიღუპოს მომავალი ზამთრის თვეებში რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ტაქტიკის გამო“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის ელექტრო ქსელის 30%-ზე მეტი, სავარაუდოდ 40%, განადგურდა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ არ არის შუქი სკოლებში, საავადმყოფოებში, არამედ იმასაც, რომ ელექტროენერგიით მომუშავე წყლის ქარხნებს არ შეუძლიათ წყლის ამოტუმბვა.
მანვე აღნიშნა, რომ გერმანიამ 100-ზე მეტი გენერატორი გაგზავნა უკრაინაში ქსელის სტაბილიზაციისთვის და სხვა დახმარების გაგზავნასაც გეგმავს.
ცნობისათვის, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, რუსეთის თავდასხმების ფონზე, უკრაინისთვის ელექტრო ქსელზე ზამთრის დახმარების განსახილველად შეიკრიბნენ.
ზელენსკი: ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან