საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მას 14 დიაგნოზი აქვს დასმული.
„14 დიაგნოზი აქვს დასმული და ამაზე შეთანხმდნენ ქართული მხარეც და ამერიკული მხარეც. ერთი ადამიანი ჩამოდის ბრიტანეთიდან, ფსიქიატრი.
შეთანხმება თვეების წინ მოხდა, მაგრამ ამ ადამიანს დღემდე არ ეცალა და ახლა თანახმაა, რომ ჩამოვიდეს.“ – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
გიული ალასანია: მიშას მდგომარეობა გაუარესებულია.. სიცხე მარტიდან აქვს და დღესაც აღენიშნება
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე მაღალი სიცხე აქვს, მაგრამ ექიმები ანთების კერას ვერ პოულობენ.
მისი თქმით, პაციენტის დახმარება უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„აღენიშნება საკმაოდ სერიოზული დარღვევები. უფრო მეტიც, დასმულია საგანგაშო დიაგნოზები ამერიკელი ექსპერტების მიერ, რაც ამდენ ხანს ქართველი ექსპერტების დასკვნის შედეგად არ ფიქსირდებოდა და არც ექიმების, ბუნებრივია.
შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში გაირკვეს რა არის ამის მიზეზი. იმდენად რთული დაავადებები უფიქსირდება სააკაშვილს, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ასე მოკლე დროში განვითარებულიყო ჩვეულებრივ საპატიმრო პირობებში.
მაღალი სიცხეები, გადაადგილება, ფერი სახეზე, მეხსიერებების პრობლემები, მეტყველების შენელება და სხვადასხვა სიმპტომატიკაა.
ვხედავთ, რომ სახეზეა ეს სიმპტომატიკა, მაგრამ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ძალიან მეეჭვება ეს საქართველოში რამენაირად დადგინდეს.
დროული ჩარევა თუ არ მოხდება, გამოიწვევს მის სიკვდილს, – ამბობს შოთა ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ.