კაცი, რომელმაც თერჯოლაში, მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა, თავადაც სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა აქვს.
უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცის მშობლები მომხდარის გამო გაოგნებულები არიან.
სავარაუდო მკვლელის დედა ამბობს, რომ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ 40 წლამდე კაცს ცოლის მოკვლა კი არა მასთან შერიგება უნდოდა.
„მას მისი სიკვდილი არ უნდოდა, ისე გაგიჟებით უყვარდა. ცოლი სახლში იღებდა ჩემს შვილს, მაგრამ მისი მშობლები უშლიდნენ. ძირითადად ამაზე იყვნენ მომდურებულები. ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.
სიტყვიერად კი ხშირად ჩხუბობდნენ”. – ამბობს დედა.
ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა. ირკვევა, რომ ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა.
კაცს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.