საერთაშორისო ორგანიზაციები Amnesty International და Human Rights Watch მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
უფლებადამცველი ორგანიზაციები მიმართვაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილისთვის შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, შესაძლოა, წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდებოდეს და რომ ეს მის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს.
განცხადების ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის კი განიხილონ სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება:
„პატიმრობაში სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია სამედიცინო დახმარებაზე მიზანმიმართული უარით, წარმოადგენს სიცოცხლის თვითნებურ ჩამორთმევას, რაც საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა.
საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, სამედიცინო ნიშნით განთავისუფლების გათვალისწინებით“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე ყურადღება გამახვილებულია ექსპერტთა ორი დამოუკიდებელი ჯგუფის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები განუვითარდა:
„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ერთი ჯგუფის განცხადებით, სააკაშვილს აწუხებს ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც საფრთხე უქმნის მის ჯანმრთელობას და საჭიროებენ ისეთ მკურნალობას, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული დამოუკიდებელი კონსილიუმის აზრით, (მათ 18 თებერვალს მოინახულეს სააკაშვილი) მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა ბოლო ვიზიტის, 2022 წლის 19 დეკემბრის შემდეგ და შესაძლოა, მალე სააკაშვილის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს“, – აღნიშნულია ერთობლივი განცხადებაში.
ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი
სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა – ოდნავ დავადე ხელი და იკივლა: გიული ალასანია