„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ეხმიანება თბილისის მერის განცხადებას, რომლითაც მან დასავლეთს მიმართა – „თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს? იომეთ, კაცო, ვინ დაგიშალათ“.
პაატა მანჯგალაძის თქმით, კახა კალაძე ევროპას ეუბნება იმას, რასაც, რუსეთს უნდა ეუბნებოდეს:
„კახა კალაძემ ისაუბრა, რა გინდათ, საქართველომ ხომ იომა, ქვეყანა ვითარდება და მშვიდობა გვინდაო. რუს ოკუპანტს კი არ ეუბნება, რომ მშვიდობა და განვითარება გვინდა, ევროპას ეუბნება. იმას, რაც რუს ოკუპანტს უნდა ვუთხრათ, დასავლეთს ეუბნებიან.
დასავლეთს უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარება და რუსეთს უნდა განადგურება, რომელიც თბილისიდან 35 კილომეტრში დგას და გვეუბნება, მიიღეთ ფაქტად, რომ ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი ოკუპირებული მაქვს და საქართველოს დანარჩენი ნაწილის ოკუპირებაზე მომელაპარაკეთო.
კახა კალაძე დიპლომით ისტორიკოსია, საქართველოს ისტორია მაინც წაიკითხე, კახი, სანამ გამოხვალ, 2 საუკუნეზე მეტია საქართველოს ერთი მტერი ჰყავს და ეს არის რუსეთი და როცა მშვიდობაზე ლაპარაკობ, რუსეთს უნდა მიმართო, მას უნდა უთხრა, რომ საქართველოს თავი დაანებოს და ეუბნები ევროპას, ამიტომ ხართ მატყუარები და მოღალატეები, ამას საზოგადოება სამართლიანად გიწოდებთ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.