ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ბებიის შესახებ ერთ-ერთ ამბავს გვიყვება, რომელიც მას ხვიჩა კვარაცხელიას ბიძამ, თამაზ კვარაცხელიამ მოუთხრო.
„ახლა ნაკიფუში ვარ. ხვიჩა კვარაცხელიას ბიძის, თამაზ კვარაცხელიას ოჯახში. მიყვება ბატონი თამაზი, რომ ხვიჩას ბებია, დუნია ქარჩავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ უცნაური – ყველა გუნდის ფრეს გულშემატკივრობდა, არ უნდოდა ვინმეს გული დაწყვეტოდა. ასეთი საოცარი ამბავიც მოხდა ერთხელ. როცა პორტუგალიური ბენფიკას ფეხბურთელი, მილოშ ფეჰერი მოედანზე გარდაიცვალა, ტელევიზიით ნახა და ორმოცი დღე მარხულობდა მის სახელზე და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინოს სვამდა შესანდობარს. ვინ იყო მილოში დუნიასთვის? არავინ. მაგრამ ეს არის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. მოყმის და ვეფხის ქვეყანა. უცხოს შეცნობის და თანაგანცდის“, – წერს გიორგი კეკელიძე.