„იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტი არ მიიღებს სანქცირებულ ბორტებს, ვერ დასანქცირდება, მაშინ უნდა დაასანქცირონ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნის აეროპორტებიც“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნულით მმართველი გუნდის ლიდერი რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოდელები, რომელთაგან ერთ-ერთ ასეთს გაყჰვება და რაც გულისხმობს, რომ საქართველოში არცერთი სანქცირებული ბორტი, თვითმფრინავი, კომპანია მიღებული არ იქნება.
კობახიძის თქმით, ამაზე [სანქცირებულ ბორტებზე] საუბარი უბრალოდ სპეკულაციაა და ეს აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ქვეყანაში უნდა ქაოსი და მეორე ფრონტი:
„რუსეთთან ფრენებს რაც შეეხება, არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოდელები, რომელიც მოქმედებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც. მაგალითად, ეს არის თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის. ყველას აქვს სხვადასხვა ხარისხის პარტნიორობა დასავლეთთან.
თურქეთი არის NATO-ს წევრი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ისრაელს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა, აზერბაიჯანსაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები და ასე შემდეგ.
არსებობს კონკრეტული მოდელები და ჩვენ გავყვებით ერთ-ერთ ასეთ მოდელს. ეს გულისხმობს, პირველ რიგში იმას, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი, თვითმფრინავი, კომპანია არ იქნება მიღებული საქართველოში.
აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები უბრალოდ არ არსებობს. ეს კითხვის ნიშნები თუ შეიძლება არსებობდეს, მაშინ იგივე კითხვის ნიშნები უნდა იყოს ისრაელთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით.
თავისთავად აბსურდია ის, რომ ამ დროს, მაგალითად, ხოშტარია, რომელიც რუსულ რუბლებს იღებს პერმანენტულად რუსეთის ბიუჯეტიდან, აანონსებს რაღაც აქციებს და ასე შემდეგ. აქედან ჩანს მთელი სიყალბე ამ ადამიანების, რომლებიც საუბრობენ, თითქოს რაღაც არის საფრთხის შემცველი და რაღაც არის მიუღებელი.
ესენი არიან ყალბი ადამიანები. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების შესაბამისად, რაც გვაქვს გაცხადებული. ეს გულისხმობს, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება, სანქცირებული ბორტების შესაბამისად, არ იყვნენ საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაც არ მოხდება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, სანქციების დაწესების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის სურვილი.
„საკმარისი ავიარეისებისა და ტურიზმის განვითარების შემთხვევაში, 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი გახდება“ – ავიამიმოსვლის პარალელურად, რუსეთი ავტობუსების ტურებს აანონსებს
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს 830 000-ზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის მონაცემებს რვაჯერ აღემატება.
„ვინც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ განვმარტეთ, რა უნდათ მათ. ეს არის მინუს 10-იდან 18 პროცენტამდე ეკონომიკური ე.წ. ზრდა, ანუ ეკონომიკური ვარდნა.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება წლიური მინუს 10-იდან 18 პროცენტამდე ეკონომიკური ვარდნა, რაც ნიშნავს, რომ რა ვითარებაც გვქონდა ქვეყანაში კოვიდის დროს, იმაზე ორჯერ-სამჯერ მძიმე ვითარება გვექნება. ამას ითხოვს რადიკალური ოპოზიცია.
სანქციების დაწესების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის სურვილი. ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა ეკონომიკის სამინისტროს და ასევე შესაბამისი სააგენტოების მხრიდან ყველაფერთან, სანქციებთან, სანქციების გვერდის ავლასთან, მოდელების ამოქმედებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ამაზე იზრუნებს ეკონომიკის სამინისტრო, იზრუნებენ შესაბამისი სააგენტოები და ყველაფერი იქნება დაცული, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია.
იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება სანქცირებული ბორტები მიღებული, რა თქმა უნდა, აეროპორტები ვერ დასანქცირდება, მაშინ უნდა დაასანქცირონ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების აეროპორტები.
ამაზე საუბარი არის უბრალოდ სპეკულაცია და ეს სპეკულაცია ერთადერთი აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ქაოსი და მეორე ფრონტი, მეტი ახსნა ამას არ აქვს“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.