პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
როგორც იაგო ხვიჩიამ „პირველ არხს“ განუცხადა, „დააკვირდება, მიხეილ სააკაშვილი როგორ დაბრუნდება და ტრავმის შემდეგ როგორ იქნება მისი დებიუტი მოედანზე“.
„სააკაშვილს ნასწავლის ჯერ არაფერი ეტყობა. ამიტომ მგონია, რომ იგივე ამბავი იქნება, რომელიც ჩავარდება.
მიხეილ სააკაშვილს უნდა ესწავლა, რომ ბოდიშების მოხდა დაიწყოს. ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს იმ სასამართლოსთვის, რომელიც ახლა მას სტანჯავს. მანამდე, მისი ხელისუფლების დროს ქართველ ხალხს ტანჯავდა. ბევრი საბოდიშო გამოჩნდება და რას აპატიებენ, ეს იქნება მისი პოლიტიკური შედეგი.
საზოგადოების ნახევარი მის მიმართ ჯერ სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის დაპირისპირებული. თავად ჰგონია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და ხალხი ტყუილად გაებუტა“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა 16 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს.