LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავარკვიოთ რა არის ჩვენი ნიჭი და მისწრაფებები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

72
ნატა-ასათიანი

როგორ გავარკვიოთ რა არის ჩვენი ნიჭი და მისწრაფებები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნატა ასათიანმა ისაუბრა.

რას უნდა ჩავუღრმავდეთ პროფესიის არჩევისას?

პირველი საკითხი, რასაც უნდა ჩავუღრმავდეთ, როცა ვირჩევთ პროფესიას, ან როცა გვინდა უკვე არჩეული პროფესიის შეცვლა, ეს არის შემდეგი: გავყვეთ გულისთქმას და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს მოვუსმინოთ და მივხვდეთ რა არის ჩვენი ნიჭი, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე. ყველა ადამიანს გააჩნია რაღაცის ნიჭი. არ იფიქროთ რომ თუ ჯერჯერობით ვერ გამოკვეთეთ რა არის თქვენი ნიჭი, რომ ესე იგი, არაფრის ნიჭი გაქვთ. აუცილებლად გექნებათ რაიმე ნიჭი, უბრალოდ აუცილებელია, მოუსმინოთ საკუთარ თავს და მიხვიდეთ რა გაინტერესებთ.

განათლება სწორედ ამ ნიჭის დახვეწას უნდა ემსახურებოდეს. შესაბამისად, თქვენ უნდა აარჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც მოგცემთ თქვენს უკვე არსებული ნიჭის გაღვივების, მასზე დაშენებლის საშუალებას.

ძალიან რთულია, როცა რაიმეს ნიჭი გაქვს და განათლებას სულ სხვა მიმართულებით იღებ. ამის შედეგი კი გაუთავებელი ჭიდილია საკუთარ თავთან. სწორედ ამიტომ, ყველას ყოველთვის ვურჩევ, დაანებონ ე.წ. „პრესტიჟულ“  და კომერციულად მომგებიან პროფესიებს თავი და მოუსმინონ საკუთარ მისწრაფებებსა და ნიჭს, რისი ერთგულებაც ყოველთვის ამართლებს.

მე მყავს მეგობრები, რომლებმაც თავის დროზე ჩააბარეს  ისეთ სპეციალობებზე, რომლის არსებობაც კი ბევრმა არ იცის: ასირიოლოგია, ბიზანტინისტიკა, კავკასიოლოგია, კოდიკოლოგია, შუმეროლოგია – ყველა საყვედურობდნენ რა დროს ეს სპეციალობებია, რომ ამ პროფესიებით ვერ იშოვიდნენ საჭმლის ფულს… დღეს ყველას აქვს ძალიან მაღალი შემოსავალი, დადიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობენ და არიან  – რეალიზებულები და შესაბამისად – ბედნიერები.

რამდენად გვეხმარება პროფესია ბედნიერების მიღწევაში?

დღეს ხშირად შეხვდებით დისკუსიებს, ლექციებს იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები, გვთავაზობენ გარკვეულ მეთოდებსა და მექანიზმებს, იმისთვის რომ გავხდეთ ბედნიერები. რეალურად კი ბედნიერების გასაღები თვითრეალიზებაშია.

ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც არიან აბრაამ მასლოუ, რომელმაც მოთხოვნილებათა პირამიდა ჩამოაყალიბა და გვითხრა რომ სულ ყველაზე მაღალი მოთხოვნილებაა თვითრეალიზების მოთხოვნილება – თვითრეალიზებას კი ადვილად ვაღწევთ როცა გვაქვს პროფესია და გვაქვს ჩვენი პროფესიისადმი დიდი ინტერესი და სიყვარული…

ასევე, ერიკ ერიქსონი შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომელიც გახლდათ გერმანელი არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი, რომელმაც ცხოვრების ციკლის 8 სტადია გამოყო და ბოლო სტადია გახლავთ მთლიანობა სასოწარკვეთის წინააღმდეგ.

მთლიანობის განცდას კი მაშინ ვაღწევთ, როცა შეგვიძლია წარსულს სინანულის გარეშე შევხედოთ და პიროვნული მთლიანობის სასიამოვნო განცდა დაგვეუფლოს. ამასაც დიდწილად მაშინ აღწევს ადამიანი, როცა იპოვა საკუთარი თავი, იპოვა მისწრაფებები და არ უღალატა საკუთარ თავსა და იმ ნიჭს, რაც მას სამყარომ უსახსოვრა.

როგორ უნდა წარვმართოთ შრომა სწორი მიმართულებით?

ჩვენ ვშრომობთ ეს შრომა იყოს ყოველთვის კონკრეტული და მიღწევადი მიზნების შესაბამისი. ჩვენი უახლესი განვითარების ზონა მუდამ უნდა გვახსოვდეს და კომფორტის ზონიდან გამოსვლაც სწორედ ამას უნდა გულისხმობდეს. ჩვენ უნდა დავისახოთ ყოველთვის ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ერთი საფეხურით უფრო მაღლა მდგომი მიზანი და არა მიუღწევადი და რთული… თუ ასე მივუდგებით მიზნებს და ვიშრომებთ ბევრს ამ მიზნებისთვის, აუცილებლად გაამართლებს.

და ბოლოს:

როცა უკვე იცით რა გინდათ, ანუ იცით თქვენი ნიჭი და მისწრაფება რა არის. რისი კეთება გაბედნიერებთ და როცა ამ მიზნისკენ დიდი შრომის ფასად ნელ-ნელა მიდიხართ, აუცილებელია სამსახურში რამდენიმე წესი დავიცვათ:

პირველი და მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს  სხვა ადამიანების შრომის დაფასებაა!

თუკი რაიმე გამიკეთებია რითიც დღეს ვამაყობ, ყველაფერი გუნდურად შემიქმნია. ყველა სამსახურში ყველა თანამშრომლის სახელი და გვარი დღემდე ზეპირად მახსოვს, ვისთან ერთადაც მაქვს განაწილებული ის დიდი წარმატებები რასაც მივაღწიე თავის დროზე. ყოველთვის, ეთერში ვიქნებოდი თუ უფროსთან ანგარიშს ჩავაბარებდი ყოველთვის ხაზგასმით ვადასტურებდი ყველას მონაწილეობას. როცა თანამშრომლები გრძნობენ რომ მათი შრომა ფასდება, ისინი ასმაგად უფრო მონდომებულები ხდებიან რომ კარგად იმუშაონ.

და მეორე: სამსახურში წარმატების მიღწევის მთავარი ფორმულა – თავმდაბლობაა.

თუ გადავავლებთ თვალს გამორჩეული ლიდერების ცხოვრებას, დავინახავთ რომ მათ სწორედ ასე იცხოვრეს. აუცილებელია პიროვნული ეგო, პირადი ვნებები, მოთხოვნილებები მეორე პლანზე გადავწიოთ და ვემსახუროთ იდეას.

და ერთ ასეთ კარგ რჩევას მოგცემთ, რომელიც მე ჯიმ კოლინზის წიგნში ამოვიკითხე და მას შემდეგ მუდამ მახსოვს სამსახურში ადამიანებთან ურთიერთობისას: თუ წარმატებაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა გაიხედოთ ფანჯრიდან და პირველი დაინახოთ სხვა ადამიანები და სხვა ფაქტორები ამ წარმატების განმაპირობებელი და თუ წარუმატებლობაზეა საუბარი, აუცილებელია ჩაიხედოთ სარკეში, რადგან პირველი საკუთარ თავს მოთხოვოთ ამ წარუმატებლობაზე პასუხიო…

ეს ოქროს წესი დაგვეხმარება ჩვენ ვიყოთ გამორჩეულად კარგი ლიდერები და პირველ რიგში ადამიანები, რაც ლიდერობაზე და ყველა სხვა მდგომარეობაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები