LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშმის მიწაზე ღვინის დაყენება თურქ-სელჩუკების შემოსევას გადარჩენილ თერთმეტ ადამიანს უკავშირდება

128
ხაშმი

ღვინო „ხაშმის საფერავის“ წინამორბედის წარმოშობის თარიღის დოკუმენტური დადასტურება არ არსებობს და ვარაუდები მხოლოდ სოფლის ლეგენდებზეა დამყარებული. სოფელში მონაყოლი ამბავი კი 1700 წელს უკავშირდება, იმ დროს, როცა ხაშმელები სოფლის მაღლობზე, მთაზე, სამების ეკლესიის ირგვლივ ცხოვრობდნენ. იქ არსებული ნასახლარები და მარნის ნაშთები ადასტურებს, რომ მთიან სოფელში ღვინის კულტურა არსებობდა. შემდეგ იყო თურქ-სელჩუკების შემოსევა, რომელსაც ხაშმის დასახლებიდან მხოლოდ 11 ადამიანი გადაურჩა. სწორედ ამ თერთმეტმა კაცმა თავიდან გააშენა სოფელი, ვაზი და ხაშმის მიწაზე ღვინის დაყენება დაიწყო. დღემდე სოფელში ყოველი ახალი მოსავლის პირველი ჭიქით სწორედ იმ 11 ადამიანის ხსოვნის შესანდობარს სვამენ.

მეორე ვერსიით ხაშმში ვენახების გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება. თითქოს მისი ბრძანებით ყურძენი გარეჯელმა ბერებმა გააშენეს, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს და ვინაიდან ქართველი ერი თამარ მეფის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენს, მთელი საქართველოს მასშტაბით იპოვით ადგილებს, მოვლენებს, ლეგენდებს, რომელსაც ყველა კუთხის მოსახლე სწორედ თამარს უკავშირებს. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ლოგიკით დააკავშირა ხალხმა ხაშმის საფერავი თამარ მეფესთან.

რაც შეეხება დასახელებაში გამოყენებულ ყურძნის ჯიშის სახელს – „საფერავი“, ადგილობრივები მას მოსაფერებელთან აიგივებენ და ამით გამოხატავენ სიყვარულს, კრძალვას და პატივისცემას ამ განსაკუთრებული ღვინის მიმართ.

„ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ხაშმის საფერავი“ წითელი მშრალი ღვინოა. აქვს მუქი წითელი ფერი. უზადო, მიკრობიოლოგიურად ჯანსაღი, სხეულიანი, ხავერდოვანი გემო და ჰარმონიული, მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატი. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები. შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო არეალში მოწეული და ნაწარმოები ღვინო. მზადდება მხოლოდ სოფელ ხაშმში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნით და მიკროზონაც არ სცდება სოფელ ხაშმის საზღვრებს. ყურძნის მოკრეფის დროს ნაყოფი უნდა იყოს აუცილებლად მწიფე და არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობით.

ყურძნის სიმწიფეს იმდენად დიდ მნიშვნელობა აქვს, რომ დამწიფების ლოდინი ხაშმის მოსახლეობის ცხოვრების თანამდევი სტილი გახდა, ამ საინტერესო დეტალზე გაზეთი „ივერიაც“ კი წერს: „თვითონ ხაშმელებმაც კარგად იციან ვაზის ხელი… ყურძენს ღვინობისთვის არ ჰკრეფენ, ვიდრე კარგად არ დამწიფდება, როდესაც ივრის ხეობის სხვა სოფლებში მაჭრობაა, ხაშმელები ქვევრების რეცხვას მაშინ შეუდგებიან ხოლმე. აი, ეს არის თავი და თავი მიზეზი, რომ ხაშმური ღვინო კახურს ღვინოს უდრის ღირსებითა“ („ივერია“, 1887 წ.).

ხაშმის საფერავი განთქმული იყო თბილისში, ამას ხელს უწყობს ხაშმის ადგილმდებარეობაც, გარეკახეთი, რომელიც ძალიან ახლოსაა თბილისის შესასვლელთან. თბილისელი ვაჭრები ყოველ წელს დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ ხაშმის წითელ ღვინოს. ერთ-ერთი საუკეთესო მარანი ჰქონდათ ჩოლოყაშვილებსაც. მარანი ისე იყო აგებული, რომ ქვევრებს შორის წყაროს წყალი გადიოდა და ნიადაგს მუდმივად უნარჩუნებდა საჭირო ტემპერატურას. ჩოლოყაშვილის და სხვა გამოჩენილი ქართველების დამსახურებით ხაშმის საფერავის სახელმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა და წლების განმავლობაში წარმატებით იყიდებოდა რუსეთის იმპერიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ხაშმის საფერავი“ საქპატენტში 2018 წლის 6 აპრილს დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g