თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 2023 წლის 7, 8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
ლაზარე გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის განცხადებით, მისი შვილის ბრალეულობა არ მტკიცდება. თუმცა, მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ ლაზარეს გაამართლებენ.
„ლაზარეს ბრალეულობა არ მტკიცდება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ლაზარეს არ უმტკიცდება, ამის არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, მხოლოდ მათი ფეიკვიდეოები არსებობს.
არც მანქანის გადატრიალების და ცეცხლის წაკიდების ამბავზე არ არის ლაზარეს ბრალეულობა დამტკიცებული და არც პოლიციელების დაწვაზე.
აქედან გამომდინარე, რასაც სასამართლოზე ვუყურებთ, რა ვიცი, არ შეიძლება, რომ ლაზარე გამტყუნდეს, მაგრამ გამართლებასაც არ ველოდებით. როგორ განაჩენს გამოიტანენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ“, – განაცხადა თამთა კალანდაძემ „მთავარ არხთან“ საუბარში.
ცნობისათვის, 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს.
ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. მას აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.
დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.
ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს