აბასთუმნის ტყის მასივს ცეცხლი განთენიისას კვლავ გაუჩნდა. ცეცხლი მოსახლეობამ შენიშნა და შესაბამის უწყებას შეატყობინა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის კერა ამჯერადაც მიუვალ ადგილას დაფიქსირდა. ადგილობრივების განმარტებით, ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს რეინჯერებმა. ხანძრის ჩაქრობას ხელს უწყობდა ძლიერი წვიმაც.
ამ დროისათვის ხანძარი სრულიად ლიკვიდირებულია, თუმცა არსებობს მიმდებარე ხევში მოხვედრილი ნაპერწკლების აალებისა და ხანძრის ხელახალი გაჩენის საფრთხე. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. ექსპერტები ხანძრის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი აბასთუმნის ტყის მასივს ორი დღის წინაც გაუჩნდა. სპეციალისტების ნაწილი ცეცხლის გაჩენის ხელოვნურ მიზეზებზე საუბრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, 13 ივნისს, 14:00 საათისთვის შევიდა. მათი ცნობით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.