LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები დაახლოებით 700-800 მეტრის გასავლელად ავტომობილით გადაადგილდებიან მაშინ, როცა შეუძლიათ ეს მარშრუტი ფეხით დაფარონ… თუ ეს კულტურა არ შემცირდება, ეს პრობლემები მუდმივად გვექნება“ – ვიქტორ წილოსანი

192
ვიქტორ წილოსანი

„ზოგადად, მობილობა არის გაზრდილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ადამიანების რაოდენობაც გაზრდილია, თუმცა ამავდროულად, ავტომობილების რაოდენობა იზრდება. როგორც მერმა აღნიშნა, ყოველი მე-5 ადამიანი 1,5 კილომეტრის გადაადგილებისთვის ავტომობილს იყენებს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია“ – ამის შესახებ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში ადამიანები დაახლოებით 700-800 მეტრის გასავლელად ავტომობილით გადაადგილდებიან, მაშინ როცა მათ შეუძლიათ, რომ ეს მარშრუტი ფეხით, საზოგადოებრივი, ან სხვა ტრანსპორტით – ველოსიპედით, „სქროლით“ და ა.შ დაფარონ.

მისივე თქმით, თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულების კულტურა არ შეიცვლება, დედაქალაქში მუდმივად ამ საკითხის ირგვლივ პრობლემები იქნება.

„ზოგადად, მობილობა არის გაზრდილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ადამიანების რაოდენობაც გაზრდილია, თუმცა ამავდროულად, ავტომობილების რაოდენობა იზრდება. როგორც მერმა აღნიშნა, ყოველი მე-5 ადამიანი 1,5 კილომეტრის გადაადგილებისთვის ავტომობილს იყენებს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ადამიანები დაახლოებით 700-800 მეტრის გასავლელად ავტომობილით გადაადგილდებიან, მაშინ როცა მათ შეუძლიათ, რომ ეს მარშრუტი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით (ველოსიპედით, სქროლით და ა.შ) დაფარონ. ზოგადად, ქალაქში ავტომობილზე მაღალი დამოკიდებულება პრობლემაა. შესაბამისად, თუ ეს კულტურა არ შემცირდება, ჩვენ ეს პრობლემები მუდმივად გვექნება, მაგრამ ტენდენციები საკმაოდ კარგია, დადებითია“ – განაცხადა წილოსანმა.

გარდა ამისა, წილოსანის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ქალაქში არსებობს ადგილები, სადაც არც ტროტუარია და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოსახერხებელი ადგილები.

წილოსანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დროს საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის უსაფრთხოება გათვალისწინებული იყოს:

„როდესაც ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება ხდება, მუნიციპალიტეტმა მაქსიმალურად უნდა მოახერხოს მაგ დროისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ქვეითის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ალტერნატიული და ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების უზრუნველყოფა. შესაბამისად, თუ ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ, რომ ეს ყველა კომპონენტი დავიცვათ და თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ჩვენ ამ კომპონენტებს ვიცავთ, მაგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს მიეცემათ მეტი მოტივაცია იმისთვის, რომ გადაადგილდნენ, მათ შორის ფეხით, საზოგადოებრივი ან ეკომეგობრული ტრანსპორტით. მესმის, რომ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ეს ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, დღეის მდგომარეობით ქალაქში ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის პრობლემური ადგილები გვაქვს, სადაც არც ტროტუარია, ასევე, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოსახერხებელი ადგილებია. მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ, იმას, რომ იმდენად ვიწროა ქუჩები, რომ ავტობუსებს გატარება უჭირთ და იძულებულები ვართ, რომ [აღნიშნულ ტერიტორიებზე] მიკროავტობუსები გადაადგილდებოდნენ, შემდეგ იმ მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა არ ჰყოფნის და ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დროს საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის უსაფრთხოება გათვალისწინებული იყოს”, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. სატრანსპორტო პოლიტიკის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. ამასთან , დედაქალაქის მერმა საზოგადოებას კერძო ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

„2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც ერთი მხრივ, ლოგიკურია – ეკონომიკური ზრდის ფონზე, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრნახევარზე ნაკლებ მანძილზე. ვხედავთ, როგორ ვითარდება ქალაქში საავტობუსო ზოლების სისტემა. თითოეული ახალი დიზაინი, რომლითაც მიმდინარეობს გზებისა და გამზირების, მოედნებისა და სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია, ფოკუსირებულია საფეხმავლო ინფრასტრუქტურის და შშმ პირებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე, ეკომეგობრული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობაზე. ეს მიდგომა არის ერთადერთი აპრობირებული და უალტერნატივო პრაქტიკა კერძო ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასაჩქარებლად და ქვეითთა და მგზავრთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მცირე მანძილებზე საფეხმავლო და საველოსიპედო გადაადგილება, უკვე არსებული, 77-კილომეტრიანი ურთიერთდაკავშირებული საავტობუსო ქსელის გამოყენება მინიმალური გადაჯდომებით, მეტად ეფექტიანს ხდის მგზავრობას, ამასთან ხელს უწყობს, ქალაქში არსებული სატრანსპორტო კვანძების განტვირთვას, რაც თავის მხრივ, პირდაპირ აისახება გაუმჯობესებულ საგზაო უსაფრთხოებაზე და ჰაერის მდგომარეობაზე.

magti 5g