მოთხოვნა, აშშ-ის ტურისტულ ვიზაზე შემცირდა, რადგან 2024 წლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არაა, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანია Turebi.ge-ის დირექტორმა, ნიკა გოგოლაძემ ისაუბრა. მისივე თქმით, ვისაც სასწრაფოდ სჭირდება აშშ-ის ვიზა, შეუძლია ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში შევიდეს, შეიტანოს შესაბამისი საბუთები და გაცილებით სწრაფად აიღებს მას.
ნიკა გოგოლაძემ „საქმიან დილაში“ მექსიკით გავლით აშშ-ში მოხვედრის გზებზეც ისაუბრა. „გასულ წელს, მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლის საკითხი საქართველოში ძალიან აქტუალური იყო. ყოველი მეორე ტურისტულ კომპანიაში რეკავდა და არკვევდა თუ რა პროცედურების გავლა იყო საჭირო. თუმცა ეს ბუმი ახლა ეტაპობრივად მცირდება, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს ძალიან სარისკოა,” – აღნიშნა Turebi.ge-ის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველომ წელს აშშ-ის “მწვანე ბარათის” მოგებით რეკორდი მოხსნა და ის სულ მცირე, 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო.