ხუთი ათწლეულის შემდეგ, Aerosmith არსებობას წყვეტს. საკულტო ჯგუფმა მუსიკალური შემოქმედების დასრულების შესახებ, Blue Army-ის ოფიციალურად განუცხადა.
ბენდმა კარიერაზე უარი ვოკალისტის, სტივენ ტაილერის გამო თქვა. ცნობილი გახდა, რომ 76 წლის ფრონტმენმა, ხმა დაკარგა. ექიმების თქმით, ხმის იოგებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, მან ვოკალური მონაცემები ვეღარ აღიდგინა, რის გამოც კოლექტივმა მძიმე და სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო.
,,სტივენის ხმა უნიკალური ინსტრუმენტია, რომლის მსგავსიც არ არსებობს. ის იბრძოდა. თვეების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა, რათა ხმა აღედგინა. სამწუხაროდ, მკურნალობის შემდეგ, გასაგები გახდა, რომ სრული რეაბილიტაცია შეუძლებელია. მივიღეთ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება – სცენიდან მივდივართ, როგორც ძმების ჯგუფი” – წერია Aerosmith-ის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ,,აეროსმიტი” სტივენ ტაილერის, ტომ ჰამილტონის, ბრედ უიტფორდის, ჯო პერისა და ჯოუი კრამერის ორიგინალური შემადგენლობით, საკონცერტო გამოსვლების დასრულებას გამოსამშვიდობებელი ტურნეთი – Peace Out გეგმავდა, რომლის მხოლოდ სამი კონცერტი ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ვეტერანი გუნდი, Black Sea Arena-ზე წარდგა.
Aerosmith 1970 წელს, ბოსტონში დაარსდა. ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ალბომი – Aerosmith, 1973 წელს გამოუშვა. ბენდის დისკოგრაფია – 15 სტუდიურ ალბომს აერთიანებს, რომელთაგან ბოლო – Music from Another Dimension!, 2012 წლით თარიღდება.