LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკაში მცხოვრები ქართველი, ია მირიანაშვილი: „ბევრი საერთო ვიპოვე ქართველებსა და სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ფერადკანიანთა შორის… ვალით იყიდიან ძვირად ღირებულ ნივთებს, ზოგმა მათი გამოყენებაც კი არ იცის, მთავარია სხვას არ ჩამორჩეს. ეს დამოკიდებულება საქართველოშიც მაღიზიანებდა…“

196
აფრიკაში მცხოვრები ქართველი

ულამაზესი ლანდშაფტები, თვალუწვდენელი მდელოები, ორ ოკეანეს შორის მოქცეული ქვეყანა, თბილი კლიმატითა და გრძელი მზიანი დღეებით – ეს სამხრეთ აფრიკაა და ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრ საოცარ ამბავს ია მირიანაშვილი გვიამბობს. სამი წელია, რაც ია აფრიკაში, მეუღლესa და ორ ულამაზეს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს… როგორ აღმოჩნდა ქართველი გოგონა ჯერ ჩინეთში, შემდეგ სამხრეთ აფრიკაში? როგორია მისი აფრიკული ცხოვრება, ვინ არის მისი მეუღლე და რა ტრადიციებზე იზრდებიან მისი შვილები? – ამის შესახებ ია ჟურნალ „გზის“ მკითხველს უყვება.

– როგორც მითხარით, თქვენი მეუღლე ჰოლანდიელია. როგორია ჰოლანდიურ-ქართული ოჯახის აფრიკული ცხოვრება?

– მეუღლის წინაპრები ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ სამხრეთ აფრიკაში. მამის მხრიდან ჰოლანდიელია, ხოლო დედა საკმაოდ ცნობილი გერმანული გვარის წარმომადგენელია. ჩვენი აფრიკული ცხოვრება თავგადასავლებით არის სავსე. ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა, მალე გვბეზრდება ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრება. ჩინეთში 7 წელი ვიყავით, საქართველოში 2 წელი და სამხრეთ აფრიკაში 3 წელია ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ ვერ ამოვწურეთ ამ ქვეყნის საოცარი ადგილების მონახულება. კულტურათა სხვაობა ხანდახან იჩენს თავს, მაგრამ როცა ორი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას და გააზრებული აქვს კულტურული თავისებურებები, მით უმეტეს, როცა ორივე ჩვენგანს ერთმანეთის ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს, ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის სურვილებს, საჭიროებებს, ეს იქნება ბავშვების აღზრდა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხები.

ოჯახში თანაბრად გვაქვს გადანაწილებული მოვალეობები. მეუღლე თუ სადილს გვიმზადებს, მე იმ დღეს ჭურჭლის რეცხვა მევალება და პირიქით.

– როგორია აფრიკაში ადგილობრივი აბორიგენების და შემდეგ ჩამოსული ხალხის ურთიერთობები?

– ადგილობრივი აფრიკული ტომებისა და ჩამოსული ევროპელების ურთიერთობა საკმაოდ კომპლექსურია, რაც სათავეს აპარtეიდის დროიდან იღებს. ეს იყო დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკი ფორმა. 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში – სამხრეთ აფრიკაში იყო აპარტეიდი – მოსახლეობის დაყოფა კანის ფერის მიხედვით. წლების შემდეგ კი მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. ნელსონ მანდელას სათავეში მოსვლის მერე ფერადკანიანებმა თავიანთი მიწები დაიბრუნეს და თეთრკანიანების შევიწროება დაიწყეს. ბოლო 17 წლის განმავლობაში რასობრივ ნიადაგზე 3 000 ბური მოკლეს, რის გამოც ისინი 22 ქვეყანაში გაიფანტნენ. მიუხედავად ამისა, მაინც ღარიბულად ცხოვრობენ და თეთრკანიანებს ისინი დასაქმებული ჰყავთ. დღეს მოსახლეობის ორივე მხარე პოზიტიურად არის განწყობილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნაკლები კონფლიქტური სიტუაცია იყოს. ბავშვები ერთად სწავლობენ სკოლებში, ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ… ის, რაც აერთიანებთ, არის რაგბი. მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავს. სხვათა შორის, წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. დღეს ქვეყანაში ისეთი ერთიანობა სუფევს, უკეთესს ვერ ინატრებთ.

– მაგრამ ალბათ, რაღაც მაინც არის თქვენთვის მიუღებელი.

– ჩემთვის მიუღებელია და პროტესტს იწვევს ფერადკანიანთა კულტურაში არსებული რამდენიმე სტიგმა. მაგალითად, აიფონი თუ არ გაქვს და ბრენდულ სამოსში არ ხარ გამოწყობილი, ოქროს სამკაულები თუ არ გიკეთია, არაფერს წარმოადგენ. ვალით იყიდიან ძვირად ღირებულ ნივთებს, ზოგმა მათი გამოყენებაც კი არ იცის, მთავარია სხვას არ ჩამორჩეს. სხვათა შორის, ეს დამოკიდებულება საქართველოშიც მაღიზიანებდა. ბევრი საერთო ვიპოვე ქართველებსა და სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ფერადკანიანთა შორის. მაგალითად, ფერადკანიანებს არასოდეს არსად ეჩქარებათ, ჩართავენ ე.წ. აფრიკულ დროს და უნდა ელოდო მოთმინებით. ჩემთვის გამაღიზიანებელია, როცა არც საკუთარ და არც სხვის დროს არ აფასებენ, გამეფებულ კორუფციაზე რომ არაფერი ვთქვა… ძალიან მომწონს სადა და უბრალო ჰოლანდიელები, რომლებიც სხვის მოსაჩვენებლად არაფერს აკეთებენ. ისინი ქმნიან თავისუფალ და კომფორტულ გარემოს ურთიერთობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g