„სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, აქციებში მონაწილე ორი დაკავებული მოქალაქე მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ინფორმაცია დღეს, საჯაროდ გავრცელდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაციის დეტალები დააზუსტა, აღნიშნულის შემდგომ კი, სახალხო დამცველის რწმუნებულები მათი უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების დადგენის მიზნით, დასახელებულ ორ პირს დაუყოვნებლივ შეხვდნენ.
„ერთ-ერთმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 28 მაისს დაწესებულების თანამშრომელს სთხოვა საკნის შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა და იმავე დღეს შეასახლეს სხვა საკანში, სადაც თავს გრძნობს კარგად და უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია.
მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ ჰქონდა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც და დადებითად შეაფასა კონსულტაცია. ამის გამო კვლავ სურს განმეორებითი კონსულტაცია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა უკვე შეატყობინა დაკავებულების ადვოკატს.
სახალხო დამცველის აპარატი მზად არის ნებისმიერი უფლებადარღვევის, მათ შორის, პატიმართა უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე დაუყოვნებლივ გაატაროს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის ცხელ ხაზს – 14 81“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. საუბარია 19 წლისა და 21 წლის ბიჭებზე, რომლებსაც როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, სახელმწიფოსთვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.
📢 სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, აქციებში მონაწილე ორი დაკავებული მოქალაქე…
Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2024