LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს ევროკავშირთან მეტად დაახლოების შესაძლებლობები უნდა გაუხსნას: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა

70
FORTUNA.GE-

“აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია.” – ეს არის იმ ერთობლივი წერილის მთავარი გზავნილი, რომელსაც ხელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.

წერილის ადრესატები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილში მხარეები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ აიღეს მტკიცე ვალდებულება ასოცირების შეთანხმებების მეშვეობით, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.

“ასოცირებული პარტნიორების საერთო გზავნილი იყო და არის – რომ აღმოსავლეთის პარტნიორობამ ყველაზე მეტად დაინტერესებულ და ერთგულ პარტნიორებს თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები უნდა გაუხსნას, რაც მათ ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის თვალსაზრისით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების და აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორობა უკეთესად უნდა მოერგოს ყველა პარტნიორის ახალ რეალობებსა და საჭიროებებს.” – წერია ერთობლივ მიმართვაში.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, წერილი ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.

მინისტრები საუბრობენ ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მართლმსაჯულება, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა და სხვ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

წერილში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. წერილში ასევე საუბარია ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ასოცირებული ტრიოსთვის ამ ქვეყნებში ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად.

მინისტრების განცხადებით, აღნიშნული ერთობლივი მიმართვა ემსახურება ახალი, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვის შექმნას, რომელიც ასოცირებული პარტნიორებისთვის მხარდამჭერი გზავნილი იქნება, ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და ევროკავშირის ტრანსფორმაციული როლის განმტკიცებას რეგიონში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g