არავის არ მოსწონს დიეტის დაცვა, შიმშილით მიღწეული იდეალური წონის შენარჩუნება კი, პრაქტიკულად შეუძლებელია. დოქტორ იონი ფრიდოფის სწორი კვების სისტემა მათთვის შეიმუშავდა, ვისაც ერთხელ და სამუდამოდ სურს წონაში დაკლება. პროგრამაში არ არის სტანდარტული შეზღუდვები და აკრძალვები, სამაგიეროდ არის ახალი ცხოვრების წესი, რომლის დაცვაც აუცილებლად დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში.
- თავი დაანებეთ გამუდმებით აწონვას
ციფრები სასწორზე არასდროს ასახავენ ჯანმრთელობას. მთავარი ისაა, თავად როგორ გრძნობთ თავს. წარმატება არა კილოგრამების დაკარგვა და საკუთარი თავის დატანჯვა, არამედ ის სტაბილური ცხოვრების წესია, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ… და თუ ამავდროულად წონაშიც იკლებთ, თქვენი შანსები, აღარასდროს აკრიფოთ ზედმეტი კილოგრამები, ბევრად უფრო მაღალია.
- სიფრთხილე გამოიჩინეთ სასმელებთან
თუ ტკბილეული თქვენი ფიგურის ხილული მტერია, მაშინ გამაგრილებელი, გაზიანი სასმელი და ალკოჰოლი – უხილავი მტრის მთელი არმია. რადგან საწრუპავით მიღებული კალორიების კონტროლი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დესერტის კოვზით მირთმეულის. ასე რომ, თუ გახდომას აპირებთ, სიფრთხილით შეარჩიეთ წვენები. თქვენი მთავარი მეკავშირეები იდეალური ფიგურისთვის ბრძოლაში კი, ლიმონიანი წყალი და მწვანე ჩაია, რომლებიც საგრძნობლად ამაგრებენ მეტაბოლიზმს.
- ნურასდროს ნუ იშიმშილებთ!
ერთი შეხედვით მსგავსი რჩევა ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება. თუმცა, ცნობილია, რომ შიმშილის გრძნობა მოქმედებს საკვების რაოდენობაზე, ამიტომ როცა ადამიანი მშიერია, მას სპილოც შეიძლება შემოეჭამოს, თან ისე, რომ ვერც მიხვდეს. მადის სისტემატიურ კონტროლში ზომიერი საუზმე, სადილი და ვახშამი, ასევე დღეში ორჯერ მსუბუქი წახემსება დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია საუზმის მირთმევა. ის, ვინც დილას არაფერს ჭამს, საღამოს თავს ვერ იკავებს და ორჯერ უფრო მეტ საკვებს ღებულობს.
- გააკეთეთ კვების დღიური
გამოკვლევები აჩვენებს, რომ ის, ვინც კვების დღიურს აწარმოებს, ორჯერ უფრო სწრაფად იკლებს წონაში ვიდრე ის, ვინც მხოლოდ ერთ დღეში მიღებულ საკვებს აფიქსირებს. დღიური დაგეხმარებათ საკუთარი მავნე ჩვევების უკეთ დანახვაში, ასე რომ ყველა წვრილმანი რეალურ დროში ჩაწერეთ, საღამოს კი მიღებული კალორიები დაითვალეთ.
- მიირთვით ცილები
შიმშილთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ცილების შემცველი პროდუქტია. გარდა ამისა, ცილა ხელს უწყობს სისხლში შაქრის გაწონასწორებას და გეხმარებათ ”უკონტროლო ღორმუცელობის” თავიდან აცილებაში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საუბარია არა ცილის რაოდენობაზე, არამედ მის თანაბრად და ზომიერ მიღებაში – საკვების ულუფა საშუალოდ 20 გრამ ცილას უნდა შეიცავდეს.
- მოაწესრიგეთ სამზარეულო
ფორმაში ყოფნისათვის ისე როგორც სპორტდარბაზში სიარულია აუცილებელი, ასევე მნიშვნელოვანია სამზარეულოს მოწესრიგება. პირველ რიგში გაანთავისუფლეთ მაცივარი და კარადები გაყინული და მავნე პროდუქტისგან, მათი ადგილი თქვენს ცხოვრებაში აღარ არის! კვირაში ერთხელ მაინც მოამზადეთ კერძი ახალი რეცეპტით და მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით, რამდენიმე თვეში კი, თქვენს არსენალში ჯანსაღი პროდუქტებისგან შემდგარი მთელი მენიუ გაჩნდება, რომელიც თვითონაც ძალიან მოგეწონებათ.
