„სხვა შუადღე“ 12 სექტემბრიდან „რუსთავი 2“-ზე ახალ სეზონს იწყებს. „შუადღე“ – ამიერიდან მხოლოდ ამ სახელწოდებით გადაცემა ეთერში მრავალფეროვანი თემებით ახალ წამყვანებთან ერთად გავა. მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სოფიკო ნარჩემაშვილი „შუადღეში“ რჩება და მასთან ერთად გადაცემას გაუძღვებიან ანა კოშაძე და ნინუცა ორჯონიკიძე. „შუადღის“ მთავარი პროდიუსერი კი ტელეჟურნალისტი ნუკა ორჯონიკიძე გახდა, რომელმაც თავის გუნდთან ერთად გადაცემის სრულიად ახლებური ფორმატი შეიმუშავა.
სოფიკო ნარჩემაშვილი:
ჩემმა მეგობრებმა, არაჩვეულებრივმა გოგონებმა და ბიჭებმა სხვა მიმართულებები აირჩიეს. ასეთია ცხოვრება – ყველაფერი იცვლება, წინ მიდის, ვითარდება, ტრიალებს, ეს ძალიან კარგია. საქმე ისაა, რომ ჩემთვის გამოწვევები არ მთავრდება. გვანცა და თიკა ჩემი შვილების ხელები იყვნენ, ნინუცა და ანა კი უფრო პატარები არიან. ნინუცა ჩემი მეგობრების შვილია და ბავშვობიდან ვიცნობ, კოშკას არ სჭირდება წარდგენა – ის ადამიანი-სათნოებაა, არავინ მეგულება, რომ მასზე რაიმე ცუდი თქვას. ზოგადად, არ მიჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია, მაგრამ განსაკუთრებულად კომფორტულად ვგრძნობ თავს მათთან ერთად.
გვყავს ახალი პროდიუსერი, ნუკა ორჯონიკიძე და არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ჩემთვის პირველ რიგში, ადამიანური ურთიერთობებია… მინდა, გადაცემა ძალიან კარგი გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ და რაც უნდა მოხდეს, მაინც აქ ვბრუნდები, მივიჩნევ, სადაც ხარ, იქ კარგად უნდა გააკეთო საქმე. ჩვენს გადაცემას ისეთი მაყურებელი უყურებს, რომ ძალიან მინდა, ყველა გადაცემიდან რაღაც სიკეთე მიიღონ, ზოგს გაჭირვებაში დავეხმაროთ, ზოგი იქით დაგვეხმაროს. ახალი იქნება ისიც, რომ ყველა გადაცემაში იქნება მაყურებლის ჩართულობა, რასაც ეს ფორმატი ითხოვს. იმდენი საინტერესო რამ გვაქვს, რომ ჩამოთვლაც კი დიდ დროს წაიღებს . წარმატება მინდა ვუსურვო ამ არაჩვეულებრივ გუნდს, რომელიც შეიკრა და იმედია, ამ საქმეს თავს კარგად გაართმევს.
ნინუცა ორჯონიკიძე:
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მცირე გამოცდილება წამყვანებს შორის მე მაქვს. პირველ კასტინგზე, როცა ტელევიზიაში მივედი, საშინლად ვნერვიულობდი, ახალბედა ვიყავი და სოფო ნარჩემაშვილი დამხვდა, ძალიან დამამშვიდა… მერე დამირეკა, გამამხნევა და დამარიგა. ანას არ ვიცნობდი. როცა „რუსთავი 2“-ზე გადმოვედი და მოგეხსენებათ, „ტელევიზიონშიკები“ სულ ვჭორაობთ ერთმანეთზე, ვინ მოგვწონს, ვინ არის კარგი ეთერში, სულ ვამბობდი, ანას ისეთი ღიმილი აქვს, თვალს ვერ მოსწყვეტ-მეთქი. იშვიათად ხდება, ეკრანზე რომ იყო ასეთი კარგი, ენერგია მოდიოდეს, ანათებდე და ბედნიერი იყო. ხეზე მინდა დავაკაკუნო, მაგრამ ძალიან მაგარი გოგონები ვართ და პროდიუსერებიც ასეთები არიან. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ „შუადღის“ წამყვანი გავხდი. საერთო ენა გამოვნახე ყველასთან, – ნუკას ძალიან ვენდობი, ფანტასტიკური გემოვნება აქვს, ნინო კვირიკაშვილმა ყველა იცის, ვისაც კი საქართველოში გაუვლია… აქვე მინდა ვთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის ყურებაში გავიზარდე, ამიტომ ჩემთვის აქ მუშაობა დამატებითი გამოწვევაა.
ანა კოშაძე:
მუშაობა დავიწყეთ სამი კვირით ადრე ეთერში შესვლამდე და ძალიან კარგი იყო… მთელი აგვისტოს განმავლობაში ამ ცვლილებებს თან სდევდა ნერვიულობა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენი თანაწამყვანი, თუ კომფორტულად არ გრძნობ თავს, მაყურებელი აუცილებლად იგრძნობს ამას. რაც მუშაობა დავიწყეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომფორტი მაქვს. ვნერვიულობ იმაზე, როგორი იქნება ახალი გადაცემა. დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩემს დილის გუნდს. ჩემთვის გამოწვევაა ყოველ დღე მუშაობა.
ალბათ, გიხარია, რომ დილას ადრე არ გაიღვიძებ…
მაინც ექვს საათზე მეღვიძება, ტელეფონში ვრთავ ყველანაირ მუსიკას, ხმებს, იქნებ ძილი შევიბრუნო და ვერ ვახერხებ (იღიმის). გადაცემაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, რომ გვაქვს ახალი ფორმატი, მაყურებლები ბევრ რჩევას, რეკომენდაციას გაიზიარებენ ჩვენი ეთერიდან, შეხვდებიან ადამიანებს, რომლებმაც უამრავი სირთულე გაიარეს და გადალახეს, დიასახლისებისთვის ყოველთვის საინტერესო რჩევები გვექნება. ჩვენს გადაცემაში იქნება ქოუჩი, რომელიც პირველ გადაცემაში პირველი შთაბეჭდილების შესახებ ისაუბრებს, ძალიან საინტერესოდ. ჩვენთვისაც აღმოჩენაა ბევრი რამ, რასაც ეთერიდან გაიგებთ.
რა გაერთიანებთ და რა გყოფთ? საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ჩანხართ.
მგონია, რომ განწყობა გვაერთიანებს. ოპტიმისტები ვართ.
სოფიკო:
ასევე გვაერთიანებს ადამიანების სიყვარული. ჩვენი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა. სულ უკვირთ, როცა ვამბობ, რომ 60 წლის ვარ და არაფერი მაქვს გაკეთებული. გიყვარდეთ ადამიანები, სხვისი სიკეთე ნუ გეწყინებათ და არასდროს დაბერდებით, ძალიან მარტივია.
ნინუცა:
ცხოვრებაში ყველა ჩვენგანს რთული გამოწვევები და ტკივილი გვაქვს, ამის გადასალახად შინაგანად ძლიერი და ლაღი უნდა იყო, გქონდეს იმედი, რომ ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ, ამას უნდა გაუძლო. მგონია, რომ ამ მხრივ სამივე ერთნაირი ვართ.
ანა:
ნინუცამ მოგვიწყო ფოტოსესია, რომელიც მალე განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელებში. მან იზრუნა ჩვენს ჩაცმულობაზე, რადგან სთაილინგის მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალია. მაყურებელი ნახავს, რა ხდება კამერის მიღმა, ოთახში. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ სტუდიაში შევდივართ, ვიღაცის დაწერილს წავიკითხავთ და გამოვდივართ, რეალურად ძალიან დიდი შრომა გვიწევს, უფრო მეტს ჩვენი პროდიუსერებისა და ჟურნალისტების გუნდი შრომობს.
სოფიკო:
ერთი რამ მინდა აღვნიშნო და მინდა, მაყურებელმა იცოდეს – ნინუცა და ანა ხომ არიან მაღლები და თხელები. მათ ფოტოსესიის განმავლობაში ეცვათ XS სამოსი და მინდა აღვნიშნო, რომ მეც იმავე ზომას ვატარებდი…
განსხვავებულ აზრს თქვენგან არ მოვისმენთ? არ იკამათებთ?
ნინუცა:
ეს არ არის დადგმული, ბუნებრივად გამოდის, რომ ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ყველაფერი, რაც გავა ეთერში, იქნება ძალიან მოზომილი.
სოფიკო:
ადამიანები ვართ, ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ყველას საკუთარი აზრი აქვს – ხანდახან თუკი ვიკამათებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ამის უკან არ დგას დიდი ხნის მსჯელობა თემის შესახებ. კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა – გოგონებო, ის, რომ ჩვენ მაკიაჟით, ლამაზი სამოსით ეთერში ვსხედვართ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ისე გვაქვს ცხოვრებაში, როგორც გვინდა. ჩვენც თქვენნაირად გვიჭირს და გვილხინს, გვიხარია, გვწყინს, გვაქვს ცუდი მომენტებიც და კარგი მომენტებიც. გვინდა, ჩვენი გადაცემის საშუალებით ერთად გადავლახოთ რთული პერიოდები. გვსურს, ჩვენს მაყურებელს დავეხმაროთ…
ანა:
მაყურებელს მინდა ვთხოვო, ძალიან ნუ გაგვაკრიტიკებენ, თუმცა შენიშვნებისთვის მზად ვართ. მე არააგრესიული ფორმით მოწოდებული აზრიანი შენიშვნა ყოველთვის გამითვალისწინებია.
სოფიკო:
სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში ახლა ვერკვევი და ნინუცა მასწავლის, რომელიც ამ სფეროს კარგად იცნობს. წარმოგიდგენიათ, რომ ჩემს ცეკვას რეკლამის დროს მილიონი ნახვა აქვს და არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ არის? ამაზე მეტი ბედნიერება და შრომის დაფასება არსებობს? ამისთვის შეიძლება იცხოვრო.
კონკურენციაზე გკითხავთ – შუადღის ბევრი გადაცემაა. ამ თემას როგორ უყურებთ?
ანა:
შეიძლება, რაღაც მომენტში კონკურენტს უფრო კარგი თემა ჰქონდეს, პატივს ვცემ და თვალს ვადევნებ, მაგრამ ჩემი აზრით, „რუსთავი 2“-ის „შუადღის“ ყურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის კარგი განწყობაა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევქმნით, დანარჩენი მუშაობის ამბავია… მადლობა მათ, ვინც ეს გადაცემა შექმნა და გვიტოვებს უზარმაზარ აუდიტორიას, რომელსაც 12 სექტემბრიდან ჩვენ გადავიბარებთ.
ნინუცა:
საერთოდ არ მიყვარს კონკურენცია. თუ ვიღაცას ავიღებ საზომ ერთეულად, ვერასდროს გავცდები მას. მე წარმომიდგენია და შორეულ პერსპექტივაში ვხედავ, როგორი უნდა ვიყო, როგორც ამ გადაცემის წამყვანი. საკუთარი ბილიკით სწორედ აქეთკენ მივდივარ. იმიტომ კი არა, რომ პატივს არ ვცემ, პირიქით, მომწონს და ამის გამო ვარ ტელევიზიაში. სამივე ჩვენგანს გვაქვს წარმოსახვა, როგორი უნდა იყოს ეს გადაცემა და არ ვართ მომართული, რომ ვიღაცის წარმატება გავიმეოროთ ან სუპერ ახალი სიტყვა ვთქვათ. მაყურებელი, ვფიქრობ, იგრძნობს იმ დიდ შრომას, რასაც „შუადღეში“ თითოეული ჩვენგანი ჩადებს.
ერთმა ძალიან ცნობილმა წამყვანმა, რომელიც ამ არხზე მუშაობდა, ყველა არხი და სტრუქტურა შემოიარა – სულ ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის სიმბოლოს აქვს რაღაც ჯადოსნური და მაგიური, რადგან ყველა მაინც ამ არხიდან იცნობს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
სოფიკო:
ძალიან ბევრ არხზე მიმუშავია, არასდროს მიფიქრია კონკურენციაზე. ჩემთვის ამ არხზე არსებული დამოკიდებულებები ძალიან ღირებულია, დაწყებული ხელმძღვანელობიდან, დამთავრებული ნებისმიერ საფეხურზე მყოფი ადამიანიდან. პატივს ვცემ ყველას შრომას, სხვა არხზე ჩვენი კოლეგები პროფესიონალები არიან, კარგია, რომ ბევრი გადაცემაა, რადგან მოტივაციაა, უკეთესი რომ იყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის მადლიერი ვარ სწორედ იმ ურთიერთობების გამო, რომელიც აქ დამხვდა…
პირველი „რუსთავი 2“-ზე დაიწყო შუადღის გადაცემა, უზარმაზარი გუნდი მუშაობდა და სადაც უნდა იყვნენ ისინი ახლა, ყველგან პროფესიონალები არიან. ძალიან დიდი ტრადიციების გადაცემაა და ვალდებული ხარ, ასეთივე შემართებით გააგრძელო…
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: ევგენი ეფანოვი