LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „ქეთევან თურაზაშვილის მამის სიკვდილი „ქართული ოცნების“ დათესილმა სიძულვილმა გამოიწვია – კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს“

268
ალეკო ელისაშვილი და ქეთევან თურაზაშვილი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი თანაგუნდელის ქეთევან თურაზაშვილის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედმა წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის მიმართ პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, რათა გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და იმავდროულად მიმართავს საარჩევნო ადმინისტრაციას, შეუჩეროს წევრობა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრს, თეონა ჯაფარიძეს.

„ძალიან მძიმეა ჩემთვის საუბარი. გარდაიცვალა ჩემი თანაგუნდელის, მეგობრის, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის მოქმედი წევრის, ქეთი თურაზაშვილის მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანის სიკვდილი „ქართული ოცნების” მიერ დათესილმა სიძულვილმა გამოიწვია.

ასევე, ეს უბედურება გამოიწვია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იმ ადამიანების შერჩევამ საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრებად, რომლებიც პოლიტიკურად ნეიტრალურები სრულებით არ არიან და ასრულებენ ერთ დავალებას – ემსახურონ „ქართულ ოცნებას” ბრმად და ცხოველური გაშმაგებით.

ალექსანდრე თურაზაშვილი იყო პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში. 23 ოქტომბრის დილით ის ასრულებდა საკუთარ მოვალეობას (რომელიც საარჩევნო კოდექსით აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს მინიჭებული) შემოვლას ატარებდა საარჩევნო უბნებზე.

საბურთალოს საარჩევნო უბნებზე ალექსანდრეს არ დახვდა საუბნო კომისიის არცერთი პასუხისმგებელი პირი, ამიტომ რამდენიმე უბნის კომისიის თავმჯდომარეს დაურეკა და მოიკითხა, თუ რატომ იყო უბნები უპატრონოდ მიტოვებული.

ამის საპირისპიროდ საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედმა წევრმა ვინმე თეონა ჯაფარიძემ, რომელიც წესითა და რიგით ნეიტრალური და მიუკერძოებელი უნდა იყოს, თუმცა გამსჭვალულია ყველა ოპოზიციური პარტიის სიძულვილით და არც მალავს ამას, დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რისი გადალახვა, გადატანა და გადახარშვა ამ ღირსეულმა კაცმა ვერ მოახერხა.

ალექსანდრე თურაზაშვილმა ამ ზარის შემდეგ გადაურეკა შორენა ბუხრაშვილს, რომელიც ასევე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელია საბურთალოს საოლქო კომისიაში და უთხრა – არ ვიცი ამ შეურაცხყოფას როგორ გადავიტანო.

მან ასევე დაურეკა ქეთის, თავის შვილს და მასაც იგივე უთხრა, რომ იყო ძალიან შეურაცხყოფილი საოლქო საარჩევნო კომისიის უტიფარი და უზრდელი წევრისგან და ძალიან უჭირდა ამ ამბის გადახარშვა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში ალექსანდრე თურაზაშვილს დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა.

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. მართალია ეს ხელისუფლება უკვე საათებს ითვლის, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი რომ შეიქმნას, აუცილებელია გამოძიების დაწყება.

ასევე მივმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს, მიიღოს სათანადო ზომები იმ ზონდერი, უღირსი და ყოველგვარი ეთიკური თუ მორალური ნორმებისგან დაცლილი ადამიანის ჩამოსაშორებლად საარჩევნო კომისიის საქმიანობისგან, როგორიც ვინმე თეონა ჯაფარიძეა.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ალექსანდრე თურაზაშვილი იყო ღირსეული, კეთილშობილი, განათლებული და უწესიერესი ადამიანი, რომელსაც არასდროს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ის იყო ღირსეული მამა და მეუღლე, რომელიც ფარად და კედლად ედგა საკუთარ ოჯახსაც და ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მუხლჩაუხრელად შრომობდა.

ამ ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში დათესა სიძულვილი და ზიზღი, გახლიჩა ადამიანები და ეს ტრაგედიაც სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია. ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალება მთელი ჩვენი გუნდისა და მისი ოჯახის უზარმაზარი ტრაგედიაა. ამასთან, მისი გარდაცვალება სისხლის სამართლის დანაშაულიცაა, რაც პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს. ადამიანი მიიყვანა სიკვდილამდე ვინმე თეონა ჯაფარიძემ და ეს ქალი აუცილებლად უნდა დაიკითხოს უახლოეს მომავალში.

ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ჩატარდეს რეალური გამოძიება და ყველა დამნაშავე პირი, რომლებსაც ალექსანდრე თურაზაშვილის სიკვდილში მიუძღვით ბრალი უმკაცრესად დაისაჯონ“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

magti 5g