LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ქალი Volkswagen-ს სავარძლის გათბობის გამო უჩივის

105
ქირიას NEWS შაბლონი (6)

აშშ-ის მოქალაქემ ემილი ლაპრადიმ Volkswagen-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი მტკიცებით, ავტომობილის სავარძლის გათბობის სისტემამ მძიმე დამწვრობა გამოიწვია. თუმცა, საქმე ერთმნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა – სასამართლომ მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე უარყო, რადგან ქალს ავტომობილის ინსტრუქცია არ ჰქონდა წაკითხული.

ინციდენტი 2023 წელს მოხდა, როდესაც ლაპრადი მეუღლესთან ერთად 2023 წლის Volkswagen Tiguan-ით მოგზაურობიდან ბრუნდებოდა. ქალი მგზავრის სავარძელში იჯდა და გათბობა თავდაპირველად მაქსიმალურ რეჟიმზე დაახლოებით 20-30 წუთით ჩართო, შემდეგ კი საშუალო ინტენსივობაზე კიდევ დაახლოებით ერთი საათით დატოვა.

საქმეს დამატებით ართულებს ის გარემოება, რომ ლაპრადიმ რამდენიმე წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო, რის გამოც სხეულის ქვედა ნაწილში მგრძნობელობა მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვს. შესაბამისად, გადაჭარბებული ტემპერატურა მგზავრობის დროს ვერ იგრძნო.

სახლში დაბრუნების შემდეგ ქალმა ფეხზე ბუშტუკი აღმოაჩინა. სამედიცინო შემოწმების შედეგად მას მეორე ხარისხის დამწვრობა და ინფექცია დაუდგინდა, რასაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

სარჩელში ლაპრადი Volkswagen-ს სავარძლის გათბობის სისტემის გაუმართაობასა და სათანადო გაფრთხილების არ ქონაში ადანაშაულებს. თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ Tiguan-ის ინსტრუქციაში პირდაპირ წერია – გათბობის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილის ან ტემპერატურის მიმართ შეზღუდული მგრძნობელობა აქვთ. თავად ლაპრადიმაც დაადასტურა, რომ ინსტრუქცია არ წაუკითხავს.

მიუხედავად ამისა, საქმე საბოლოოდ დახურული არ არის. სასამართლომ უნდა განიხილოს, ჰქონდა თუ არა სისტემას კონსტრუქციული ხარვეზი. მოსარჩელის მხარის ექსპერტი ამტკიცებს, რომ Tiguan-ის სავარძლის გათბობა შესაძლოა ადამიანის კანისთვის უსაფრთხო ზღვარზე მაღალ ტემპერატურას აღწევდეს.

საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიჩნევს თუ არა სასამართლო ასეთ შესაძლო გადახურებას ტექნიკურ შეცდომად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები