ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გამოეხმაურა.
ევროპარლამენტის დეპუტატმა აღნიშნულ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება ითხოვა:
„6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა ამ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება მოვითხოვო“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ