ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა დღეს ოფიციალურად ამოეწურა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა მერკელს სთხოვა, მთავრობის მეთაურის მოვალეობა მანამდე შეასრულოს, ვიდრე მის შემცვლელს არ აირჩევენ.
შესაბამისად, ანგელა მერკელი დღეიდან კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.
ცნობისთვის, 67 წლის ანგელა მერკელი გერმანიის ფედერალურ მთავრობას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ქრისტიან-დემოკრატი მერკელი კანცლერი იყო 2005 წლის ნოემბრიდან. გერმანიის პირველი ქალი კანცლერი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარეობას 2018 წლიდან ჩამოშორდა და განაცხადა, რომ კანცლერობის კანდიდატი აღარ იქნებოდა.