LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანონიმური ფსიქოლოგიური დახმარება თანასწორისგან – ბიზნესიდეა ფეთქებადი პოტენციალით

367
KIU

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლამ, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე (KIU) 2021 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით ფუნქციონირებს, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი გამოავლინა.

წელს საზაფხულო სკოლაში საკუთარი ინოვაციური ხედვის წარმოჩენის შესაძლებლობა 60 სტუდენტს მიეცა, თუმცა ფინალურ ეტაპზე ათამდე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, საბოლოოდ კი ერთი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელიც 13-16 ნოემბერს, ლისაბონში, ვებ სამიტს დაესწრება.

ნიკა როსტომაშვილი, საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესის მენეჯერი:

– საზაფხულო სკოლის ბაზად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწორედ იმ პირობების გამო შეირჩა, რომლებიც სტუდენტებს პროექტებზე მაქსიმალური ფოკუსირებისთვის სჭირდებათ – კამპუსი, ინფრასტრუქტურა, მთელი დღის განმავლობაში გუნდების ერთად ყოფნის, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

ეს არის სკოლა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ინოვაციური კომპონენტის მქონე მასშტაბირებად ბიზნესპროექტებს ვეძებთ, ჩვენ მხოლოდ ისეთი იდეები გვაინტერესებს, რომლებსაც ფეთქებადი პოტენციალი აქვთ და დიდ ბაზარს უმიზნებენ. მართალია, უნივერსიტეტებში ასწავლიან საგნებს, რომლებიც ბიზნესის კეთებას სჭირდება, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდებს ვესაუბრებით სტარტაპის დიდი შემოსავლის მქონე, გლობალურ კომპანიად ქცევის გზებზე. კურსის მეშვეობით სტუდენტებს ჯერ პროტოტიპის შექმნაში ვეხმარებით, შემდეგ კი პროექტების ადგილობრივ ბაზარზე გამოცდის შესაძლებლობას ვანიჭებთ, რათა ნათლად დაინახონ, რა როგორ იმუშავებს. დიდი სურვილი გვაქვს, უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება კურსის მიმდინარეობის პერიოდშივე მსოფლიო ბაზარზეც მივცეთ. ამ სკოლამ დაგვარწმუნა, რომ პროექტები, რომლებსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ, შესაძლებელია, საქართველოშიც დაიბადოს, მთავარია მეტი ინტეგრაცია მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემასთან, მეტი კომუნიკაცია წამყვან ბიზნესინკუბატორებთან.

რაც შეეხება გამარჯვებულს, მას და მის პროექტს ჰქვია Releafer და ეს ხუთკაციანი გუნდი მალე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე გასაუბრებას გაივლის პოტენციურ ინვესტორებთან, პოტენციურ პარტნიორებთან, ფაქტობრივად, მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემის შუაგულში მოხვდებიან იმ იდეით, რომელიც ჩვენთან დაამუშავეს. ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებმა ფსიქოლოგთან ერთად შეიმუშავეს და ითვალისწინებს ანონიმური ფსიქოლოგიური დახმარების მიღებას თანასწორისგან. ეს არის ერთგვარი დეცენტრალიზებული მოდელი – ის, რაზეც უნდა ისაუბრო ფსიქოლოგთან, საუბრობ იმ ადამიანთან, ვისაც შენი მსგავსი პრობლემა აწუხებს, უზიარებ მას შენს აზრებს, მაგალითად, არასრულფასოვნების კომპლექსზე. ამ სპეციალური ალგორითმით ადამიანები წყვილდებიან იმგვარად, რომ ეს კომუნიკაცია ორივე მხარისთვის იყოს სასარგებლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები