აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება რეკომენდაციები, რომლებიც კვერცხის შეღებვას უკავშირდება.
კვერცხის წითლად შესაღებად, რომელსაც აღდგომის დღესასწაულზე მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს, მოქალაქეები უმეტესად ბუნებრივ საღებავს – ენდროს ანიჭებენ უპირატესობას.
არის თუ არა ენდრო ყოველთვის უსაფრთხო და როგორ უნდა დავამუშაოთ ის გამოყენებამდე – ამ თემაზე „ფორტუნას“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ესაუბრა.
„არსებობს ძალიან პრაქტიკული მეთოდი, რომელსაც შედეგი ყოველთვის აქვს“ – რჩევები, როგორ არ შევცდეთ სააღდგომოდ კვერცხის შერჩევისას და როგორ შევინახოთ უსაფრთხოდ
„ფორტუნას“ მკითხველს რჩევებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული უზიარებს.
„ენდრო ბუნებრივი საღებავია და ის შედარებით უსაფრთხოა, თუმცა რისკი მისი მოხმარების შემთხვევაშიც არსებობს. ენდრო მიწაში იზრდება, სადაც ბევრი პათოგენური მიკროორგანიზმი ბინადრობს, რომლებიც შესაძლოა მცენარეზეც მოხვდეს. სწორედ ამიტომ, გამოყენებამდე ენდრო საფუძვლიანად უნდა გასუფთავდეს.
არ გამოიყენოთ დაობებული ენდრო, რადგან იმ ტოქსინებს, რომელსაც ობი გამოყოფს, ხშირ შემთხვევაში, ვერც თერმული დამუშავება ანადგურებს.
თუ კვერცხის შესაღებად სხვა საღებავს ვიყენებთ, აუცილებელია, ის სურსათთან დაშვებული იყოს და აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზეც ეწეროს.
არაეტიკეტირებული საღებავის შეძენა დიდი რისკის მატარებელია და მას უნდა მოვერიდოთ. ქართულ ბაზარზე არსებული ყველა დაფასოებული საღებავი, რომელიც ეტიკეტირებულია, სურსათისთვის დაშვებულია.
ნებისმიერ შემთხვევაში: თუ ეტიკეტირების წესი დარღვეულია და მომხმარებელი ვერ იღებს ინფორმაციას სურსათის შესახებ; თუ ხდება ვადაგასული სურსათის რეალიზაცია; თუ შეესწარით არაჰიგიენურ პირობებში სურსათის რეალიზაციას, უნდა დარეკოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 15 01 “ – ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული „ფორტუნასთან“.
