LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს არ მქონია პრეტენზია ვარსკვლავის გახსნაზე, თუმცა ძალიან მიხარია… საიუბილეო კონცერტს „ნატვრის ხე“ ჰქვია” – რომა რცხილაძე „არტ-FM“-ში

725
რომა-რცხილაძე

24 მაისს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს რომა რცხილაძე სტუმრობდა, რომელმაც 4 ივნისს დაგეგმილ საიუბილეო კონცერტსა და ვარსკვლავის გახსნაზე ისაუბრა.

ერთი კვირაზე ცოტა მეტი რჩება კონცერტამდე, ამიტომ ინტენსიურად ვმუშაობთ – გავდივართ რეპეტიციას, გვაქვს ჩაწერები და გადაღებები. არასდროს არ მქონია პრეტენზია ვარსკვლავის გახსნაზე, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ხალხია კმაყოფილი, ყოველდღე მხვდებიან, მილოცავენ და ვხვდები, რომ ამგვარი პატივი ჩემს მსმენელს უფრო სჭირდება, ვიდრე მე. საერთოდ ნაკლებად ამბიციური ვარ ცხოვრებაში, ამბიციები სცენაზე შეიძლება, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, ნაკლებად მოსაწონია. მიხარია, რომ ახალგაზრდა მუსიკოსები მირეკავენ და უფლებას ითხოვენ ჩემი სიმღერების შესრულებაზე. ე.ი. ის, რასაც ვაკეთებ მართლა მოსწონს პუბლიკას და მართლა ფასეულია. განსაკუთრებული პოპულარობით „შენი თვალების ფერი“, „ვარსკვლავები“ სარგებლობენ. მართალია, „ნატვრის ხეც“ ბევრს მოსწონს, მაგრამ ცოტა რთული შესასრულებელია. სხვათა შორის, საიუბილეო კონცერტსაც „ნატვრის ხე“ ჰქვია.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონცერტი უფასო იქნება. მსგავსი გადაწყვეტილება ჩემი ქალაქის სიყვარულით მივიღე, რომელსაც ვუძღვნი და ვჩუქნი ჩემს კონცერტს. მართალია, საპატიო სტუმრებს მოსაწვევები ექნებათ, მაგრამ ყველა დანარჩენი უფასოდ შეძლებს ბილეთის მიღებას. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია თბილისელების ეროვნება, პოლიტიკური გემოვნება და აღმსარებლობა, რადგან ყველა ერთნაირად მიყვარს და მინდა სწორედ მათ მივუძღვნა კონცერტი. იმ თაობას მივეკუთვნები, ვინც კარგად იცნობს ამ ქალაქს, ახსოვს თბილისური ურთიერთობა, ძალიან ენატრება გულწრფელი მეგობრობა და სიყვარული.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაიოზ კანდელაკს და გივი გაჩეჩილაძეს, რომელთაც ბიგ-ბენდში შეძლეს ნამდვილი თბილისის შენარჩუნება. ჩვენმა ორკესტრმა ყველა ეროვნების, სხვადასხვა  შეხედულების მუსიკოსი გააერთიანა და მართალია, ყველა განსხვავებულად ვფიქრობთ, მაგრამ მაინც ვახერხებთ საერთო ენის გამონახვას და მეგობრობას.  

საიუბილეო კონცერტში „ქართული ხმები“, კვარტეტი „ოთხი“, დემეტრე ოქრიაშვილი და ახალგაზრდა მომღერალი გოგონა მიიღებს მონაწილეობას, ვისთანაც დუეტში შევასრულებ ახალ სიმღერას „იდუმალებას“. კონცერტი, რომელსაც უნივერსალური პროგრამა ექნება და ყველა გემოვნების მელომანს დააკმაყოფილებს, მხოლოდ 1 საათსა 40 წუთს გაგრძელდება, რადგან ძალიან არ მიყვარს ზედმეტად გაჭიანურებული, მოსაბეზრებელი კონცერტები.

რამდენიმე კომპოზიცია, მათ შორის პოპური დები იშხნელების სიმღერებზე 1975 წელს ჩავწერე. არაფერი არ შემიცვლია, არანჟირებაც იგივე დავტოვე, რადგან ძველი არანჟირება დღეს ბევრად უკეთესად ჟღერს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კონცერტი დიდხანს დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში, მით უფრო, რომ ტელეკომპანია „იმედიც“ აპირებს გადაღებას და 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმის გაკეთებაც იგეგმება. 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპონსორებს, განსაკუთრებით დიანა ბაგრატიოის ფონდს და თემურ ჭყონიას, რომელიც ბოლომდე მხარში დამიდგა. ძალიან მიხარია, რომ 14 მუნიციპალიტეტმა უკვე გამოთქვა კონცერტის მათ რეგიონში ჩატარების სურვილი, ასე რომ მალე მთელ საქართველოში მოვაწყობ ტურნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები