2021 წლის პირველ კვარტალში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 450-490 ათას დოზას მივიღებთ, – ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ გადაცემაში “რეალურ სივრცე” გააკეთა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ვაქცინის მიღება კოვაქს პლატფორმის მეშვეობით მოხდება.
“ჩვენ გარანტირებული გვაქვს გარკვეულად, რომ პირველ კვარტალში უნდა მივიღოთ “ასტრაზენეკა”-ს დაახლოებით 450-490 ათასი დოზა. მთელი წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ 1 400 000 დოზა. ამავდროულად, პარალელურად, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებთან, მწარმოებლებთან, კორეაში, ინდოეთში, კანადაში სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებთან, რომლებიც უკვე შეგვპირდნენ, თავისი ჭარბი დოზებიდან როდესაც მიიღებენ”. – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასათან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ მასშტაბის პანდემია 100 წელია მსოფლიოში არ ყოფილა, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება სწორედ ეპისიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
„პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავრი მეთოდია სწორედ ეს შეზღუდვები, რეგულაციები ვაქცინაციასთან ერთად. მესმის, ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ ჩვენ ესეთ დანის პირზე, ანუ ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ. გარკვეული პერიოდი კიდევ გვექნება შეზღუდვა, გვექნება შემსუბუქება იმის მიხედვით, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, რადგან მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა. მოგეხსენებათ, რა მძიმე ნოემბერი და დეკემბერი გვქონდა, როდესაც დღეში საქართველოში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა და რომ არ დაწესებულიყო ნომებრის ბოლოს შეზღუდვები, ჩვენ აღმოვჩნდებოდით საკმაოდ რთულ მდგომარეობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.