“ქართული ოცნების” წევრისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის აზრით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომრის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით “არასასიამოვნო ფაქტად” შეფასდა და არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ დაკავების დროს ძალა გადამეტებით იყო გამოყენებული.
სამხარაძის განცხადებით, როდესაც ოპოზიციის ლიდერს აკავებენ, ეს ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, რასაც დასავლელი პარტნიორები პოლიტიკურად აფასებენ და ამას მმართველი გუნდიც ადასტურებს.
“თვითონ ფაქტი პოლიტიკურად შეფასდა, როგორც არასასიამოვნო. ეს ჩემთვის მისაღებია და ჩვენც ვადასტურებთ, რომ ეს არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც ოპოზიციის ლიდერი საპატიმროში მიდის. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ასე მან და მისმა პარტიამ აირჩიეს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი დღესაც არსებობს. კიდევ შეიძლება საპატიმროდან გათავისუფლდეს, თუ ის საჯარო განცხადებას გააკეთებს და მოინანიებს თავის დანაშაულს. იმ დანაშაულს, რომელსაც ის საჯაროდ ისედაც ადასტურებს“, – განაცხადა სამხარაძემ.
გარდა ამისა”ქართული ოცნების” წევრი საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, ნიკა მელია კანონის თანახმად დააკავეს და შესაბამისად, ევროპასა და ნატო-ში გაწევრიანებული არიან სახელმწიფოები, სადაც მთავარი ფასეულობა სამართლის უზენაესობაა
„ნიკა მელია რომ არ დაკავებულიყო და კანონი არ აღსრულებულიყო, ამ შემთხვევაში ევროინტეგრაციის გზაზე ერთი ნაბიჯით უკან არ წავიდოდით? ევროინტეგრაცია ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ ევროპასა და ნატო-ში გაწევრიანებული არიან სახელმწიფოები, სადაც მთავარი ფასეულობა სამართლის უზენაესობაა. საქართველოს მოქალაქეები, 3 700 000 ადამიანი, კანონის წინაშე თანასწორნი ვართ. ამიტომ თუ დასავლური სახელმწიფოს აშენება გვინდა, კანონსა და სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. სხვანაირად ვერც ევროპის და ვერც ნატო-ს წევრები ვერ გავხდებით. ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ სახელმწიფოს ასე უხეშად გამოწვევას პასუხი სჭირდებოდა და ეს იყო, რამაც დღევანდელ სამწუხარო ფაქტამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
