მიუხედავად იმისა, რომ არიანა გრანდემ ,,ოქროს გლობუსი” მეორედ ვერ მოიგო ნომინაციაში – ,,ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში”, რომელშიც გამარჯვებულად ტეიანა ტეილორი დასახელდა, ის დაჯილდოების 83 წლიან ისტორიაში შევიდა.
საქმე ისაა, რომ გრანდე პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ერთი და იმავე როლისთვის ეს ნომინაცია ორჯერ მიიღო კეთილი ჯადოქრის, გლინდას განსახიერებისთვის ორნაწილიან კინომიუზიკლში – ,,ალქაჯი”.
მართალია, 32 წლის არტისტი შარშანდელის მსგავსად წელსაც ჯილდოს გარეშე დარჩა, თუმცა ცერემონიის ერთ-ერთ მთავარ სახედ უდავოდ იქცა.
ამის დასტურია არაერთი ფოტო ცერემონიიდან, რომლებშიც არიანა მისი თაობის და საკულტო ვარსკვლავებთან, მათ შორის: სტივენ სპილბერგთან, მაია რუდოლფთან და ლისასთან ერთადაა აღბეჭდილი.
ცალკე აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს ლუქი, რომლითაც გრანდე საღამოზე წარდგა. მას ვივიენ ვესტვუდის მაღალი მოდის შავი კაბა ეცვა, რითაც ღონისძიების საუკეთესოდ ჩაცმულ ლამაზმანთა შორის დამსახურებულად დასახელდა. მან ყურადღება მისთვის დამახასიათებელი იმ ვარცხნილობითაც მიიქცია, რომლითაც მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან იყო ცნობილი.