LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

85

აშშ-ის კონგრესს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.

„რეზოლუცია წინ უძღვის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის სპიკერების მომდევნო კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს და ამ ქვეყნებისადმი აშშ-ის უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს.

რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს უსვამს, რომ 2016 წელს საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და მაღალი სტანდარტით ორგანიზებული საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, რეზოლუცია ამახვილებს ყურადღებას რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი-მეხუთედის ოკუპაციაზე.

რეზოლუცია ადასტურებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და ხალხისადმი, ასევე ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას.

კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, რომ სამივე ქვეყნის ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები; შეწყვიტოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო სამხედრო შენაერთების და შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერა; მათ შორის, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დესტაბილიზაციის მიზნით მიმდინარე ქმედებები.

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობასა და ევროპელ მოკავშირეებს, ასევე გაეროსა და აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განაგრძონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

კონგრესმენები მიესალმებიან რუსეთის დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან გასამკლავებლად, მხარს უჭერენ აღნიშნული ქვეყნების შესაძლებლობების, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, განმტკიცებას.

კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას ევროპის ენერგომომარაგების გზების დივერსიფიცირების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან აწარმოოს დიალოგი, რათა დაეხმაროს მათ შიდა დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში.

რეზოლუციას მომდევნო ეტაპზე კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე. კომიტეტის მიერ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის კონგრესის პლენარულ სხდომაზე ჩატარდება შემდეგი კენჭისყრა,” – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g