საქართველოს სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმიანება.
კობახიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადებით, ოპოზიციას ცივი წყალი გადაესხა:
“აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან სწორი განცხადებაა, ზუსტად ის განცხადებაა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით.
2012 წლამდეც, იმის მიუხედავად, რომ მაშინ უმძიმესი რეჟიმი იყო, მათ შორის სასამართლოში, აშშ სასამართლო სისტემას მხარს უჭერდა და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება იმ ვითარებაში, როცა სასამართლო მთლიანად რეფორმირებულია.
რასაც ჩვენ ვამბობდით, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ დაადასტურა და ამით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს აშშ-ს საელჩო დანაშაულს სჩადიოდა, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა მოსამართლესა და სასამართლოზე ზეწოლას და არაფორმალურ მმართველობას ცდილობდა”, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ აშშ-ს საელჩოს მიმართა, სპეკულაციების დასასრულებლად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნის შესახებ განცხადება გაეკეთებინა.
ამ სპეკულაციებს საელჩოს მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა: კობახიძე აშშ-ის საელჩოს მიმართავს
საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ:
“30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან”.