პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ“.
მისი განცხადებით, „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში შედარებულია არსებული გარემო წინა ისტორიასთან და გათვალისწინებულია ის გარემო, რომ ბიზნესი ისეთი ტერორის ქვეშ არ არის, როგორც გავრცელებული კლიშეა – ცხრაწლიან პერიოდში იყო“. მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით შინაარსობრივი გაუმჯობესება არ მომხდარა.
„სასამართლოს შინაარსობრივი გაუმჯობესება არ მომხდარა, როცა გაუმჯობესება არ ხდება, ავტომატურად უარესდება. შესაბამისად, ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც ამის აღმნიშვნელია – სასამართლოსთან მიმართებაში უფრო მეტი რისკებია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ხოლო ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკა უფრო რბილია, ვიდრე წინა პერიოდში იყო“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.