კიბერთავდასხმის გამო, აშშ-ში რამდენიმე გავლენიანი გაზეთის ახალი ნომერი დაგვიანებით დაბეჭდეს.
კიბერიერიშის სამიზნე საგამომცემლო სახლი Tribune გახდა, რომელიც ისეთ გამოცემებს აერთიანებს, როგორიცაა Los Angeles Times, The Chicago Tribune და სხვები. შეფერხებები იყო სხვა ტიპოგრაფიებშიც, სადაც The New York Times და Wall Street Journal იბეჭდება.
სპეციალისტებმა გამომცემლობის კომპიუტერულ ქსელში ვირუსი აღმოაჩინეს. ამის გამო, გაზეთების ნაწილი დახლებზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხვდა.
კიბერთავდასხმა სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან მოაწყეს. თუმცა, კონკრეტულად რომელ სახელმწიფოზეა საუბარი, ჯერ უცნობია. უცნობია ისიც, შეძლეს თუ არა ჰაკერებმა კომპიუტერში არსებული პირადი მონაცემების მითვისება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.