„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად სანქციებთან მიმართებით, პერმანენტულად ახორციელებს ქვეყანაში შემოსული გემების სკრინინგს. შესაბამისად, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ არის რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება, მათ შორის ბათუმის პორტში, სადაც ის 27 ივლისს იმყოფებოდა.
ამასთანავე, გურამ გურამიშვილი აქცენტს აკეთებს საკითხის იმ მხარეზე, რომელიც ტურიზმს უკავშირდება.
მისი თქმით, ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით და არ შეიძლება მისადმი შერჩევითი, სატრანსპორტო საშუალების მიხედვით მიდგომა.
„ტურისტებისთვის გზა გახსნილია როგორც საავტომობილო, ისე საჰაერო მიმოსვლისთვის, აუცილებელია, რომ ქვეყანა პოზიციონირებდეს საზღვაო მიმოსვლის თვალსაზრისითაც და აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც მას ტურიზმის დარგში საზღვაო მიმართულებით აქვს“, – განმარტავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო
ვიდეო: „ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს“ – ირაკლი კუპრაძე
შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს