საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ „ბალენსიაგას“ შემოდგომა/გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. ამჯერად დიზაინერმა ახალი მოდელები განსხვავებული, ორიგინალური გზით დაგვანახა და კოლექცია ვიდეოთამაშის, Afterworld: The Age of Tomorrow სახით წარმოადგინა. შესაძლოა აღნიშნულმა თამაშმა გასული საუკუნის საკულტო ვიდეოთამაში, „Mortal Kombat“-იც გაგახსენოთ, თუმცა გვინდა გითხრათ, რომ დემნა გვასალიას ახალ კოლექციას წარსულთან არანაირი კავშირი არ აქვს, პირიქით დიზაინერმა დროს გაუსწრო.
მოდელებმა ლითონის ჩექმები და ყველა ეპოქის დამახასიათებელი ტანისამოსის ელემენტებით გაწყობილი „ლუქები“ მოირგეს. ლითონის ჩექმები რაინდულ ჩექმებს მოგაგონებთ, აღნიშნული მოდელი უკვე იქცა დემნა გვასალიას სავიზიტო ბარათად. ახლა დიზაინერმა კიდევ ერთი ახალი სიტყვა თქვა მოდის ინდუსტრიაში და საზოგადოებას ლითონის ლეგინსები შესთავაზა. აღნიშნული ფუტურისტული კოლექციით საზოგადოებას საშუალება მიეცა მომავალი განჭვრიტოს და ნახოს, თუ როგორი იქნება მოდის ინდუსტრია და ჩაცმის სტილი 2031 წელს.