სუპერმოდელი, ლილა მოსი, რომელმაც პოდიუმი წარმატებით დაიპყრო, ახლა სათამაშოების სამყაროში ინაცვლებს. კეით მოსისა და ჯეფერსონ ჰეკის 21 წლის ქალიშვილი გახდა პირველი მოდელი, რომლის სახითაც შეიქმნა ბარბის თოჯინა. ის პირველი ტიპის დიაბეტს თვალსაჩინოდ წარმოაჩენს. თოჯინას ეტყობა პლასტირები და ინსულინის ტუმბო, სწორედ ის დეტალები, რომლებიც ლილას ყოველდღიურობის ნაწილია.
„ვამაყობ, რომ ჩემს პლატფორმას ვიყენებ ტიპი 1 დიაბეტზე ინფორმირების მიზნით და იმის საჩვენებლად, რომ განსხვავებულობა მაგარია. იმ ადამიანების შეტყობინებები, ვინც ჩემს პლასტირებს ამჩნევენ და საკუთარ თავს ამაში ცნობს, ჩემთვის ყველაფერია. ისეთი ბარბის თოჯინა, რომელიც მე მგავს, ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა“, – ამბობს ლილა მოსი.
ლილას ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზი ბავშვობაში დაუსვეს, თუმცა არასდროს დაუმალავს თავისი მდგომარეობა. ის გამბედავად გამოდიოდა პოდიუმზე სამედიცინო მოწყობილობითაც კი და ღიად ჰყვებოდა საკუთარ გამოცდილებაზე, მათ შორის Vogue-ის ვიდეოშიც, სადაც მან აღნიშნა, რომ დიაბეტის შესახებ პირველად ჰანა მონტანას პერსონაჟის მეშვეობით შეიტყო. დღეს ლილას მიზანია, თავისი ბარბის მეშვეობით გაამხნევოს სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც მსგავს გამოწვევას ეჯახებიან. Mattel-მა თოჯინის გამოშვება ოფიციალურად გასულ თვეში დაანონსა.

