LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაია: ეს წელი სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს, საქართველოს არ ეკადრება, მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ მძევლობაში ჰყავდეს

149
1

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, ახალ, 2022 წელს სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. უფლებადამცველებმა ამის შესახებ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მაშინ განაცხადეს, როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ.

ბექა ბასილაიას თქმით, საქართველოს არ ეკადრება, მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ მძევლობაში ჰყავდეს:

“წელს მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატებს პირველი შეხვედრა გვაქვს, ბუნებრივია, წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი. საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლობაში ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულებები. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ფუნდამენტური უფლება არსებითად დაირღვა, ამ უფლებების აღდგენის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

ამავდროულად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სააკაშვილის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტის ირგვლივ, ამ საქმეზე უნდა იყოს დაზარალებულად ცნობილი და მიეცეს შეფასება იმ პირთა ქმედებებს, ვინც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები განახორციელა”, – თქვა ბასილაიამ.

სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე კონფიდენციალურობის დარღვეულ პირობებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა ფანჯარა ამოქოლილია და ერთადერთი გზა, რომ ერთმანეთს აზრები გააგებინონ, ამისთვის ხმამაღლა, გამოთქმით საუბარია საჭირო:

“აქ არ არის უზრუნველყოფილი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის პრინციპი, ყველა ფანჯარა არის ამოქოლილი და ერთადერთი გზა, რომ გავაგებინოთ ერთმანეთს აზრები არის ხმამაღლა, გამოთქმით საუბარი, რათა იმ ადამიანებმა რომლებიც გვისმენენ კარგად გაიგონ რას ვამბობთ, ცხადია, ეს საკითხი ძალიან მწვავეა.

ჩვენ ვთხოვთ ადვოკატთა ასოციაციას, გამოეხმაუროს ამ პრობლემას და ასევე, პენიტენციურ სამსახურს მუდმივად შევახსენებთ, რომ არღვევენ ფუნდამენტურ უფლებას – გვქონდეს  კონფიდენციალური ურთიერთობა”, – თქვა თუთბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g