ბავარიაში (გერმანია) გარემოს დამცველებმა წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიზანიც გადატვირთულ ავტომაგისტრალებზე ციყვების გადარჩენაა.
მათ უკვე დაიწყეს სპეციალური თოკის ხიდების მონტაჟი, რომლითაც ციყვები გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლას უსაფრთხოდ შეძლებენ.
ციყვები ხშირად იღუპებიან, როცა გზის გადაკვეთას მიწით ცდილობენ. თუ ხეები ახლოსაა განთავსებული გადახტომას ახერხებენ, მაგრამ ფართო გზებზე ეს შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ, ბუნების დამცველებმა ცხოველებისთვის „ჰაეროვანი ბილიკების“ შექმნა გადაწყვიტეს.
პირველ ეტაპზე ხიდებთან დამონტაჟდა საკვების სპეციალური სათავსოები, რათა ციყვებმა მათი გამოყენება სწრაფად ისწავლონ. იმავე ადგილებშია განთავსებული ველური ბუნების სათვალთვალო კამერებიც, რომლებიც დააკვირდებიან, როგორ იყენებენ ცხოველები ახალ გზას და რამდენად წარმატებულია პროექტი.
თოკის ხიდების სიმაღლე 7-დან 15 მეტრამდე მერყეობს, ხოლო სიგრძე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. ხიდები, როგორც წესი, განთავსებულია ხეების ჩრდილში – ასე ციყვებისთვის მათი გამოყენება უფრო კომფორტულია.
იმის გადაწყვეტა, თუ სადაა საჭირო მსგავსი ხიდები, მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამისთვის შეიქმნა მობილური აპლიკაცია „შეატყობინე ციყვის შესახებ“, სადაც მომხმარებლები უთითებენ ადგილებს, სადაც დაღუპულ ცხოველებს ხშირად ხედავენ.
აპლიკაცია ბავარიაში მცხოვრები ციყვების შესახებაც აგროვებს მონაცემებს – რამდენია, სად ბინადრობენ, როგორია მათი შეფერილობა და ჯანმრთელობა. სპეციალისტების თქმით, ბეწვის ფერი ზოგჯერ გარემოსთან ადაპტაციის ნიშანია: ცივი რეგიონების ციყვებს უფრო მუქი ბეწვი ახასიათებთ.
საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესტონეთსა და ბელგიაში – გზის უსაფრთხოდ გადაკვეთაში ბაყაყებსაც ეხმარებიან.