12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვის გადაწყვეტილება საქართველოს იმუნიზაციის საბჭომ უკვე მიიღო.
საკითხთან დაკავშირებით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყანაში, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 250 ათასი მოზარდია.
სად აცრიან კოვიდზე ბავშვებს?
ჩხაიძის განმარტებით, კონკრეტული კლინიკების ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იაშვილის საავადმყოფოში ნამდვილად იქნება მათთვის იმუნიზაციის კაბინეტი.
კლინიკის დირექტორმა ასევე განმარტა, რომ ბავშვებს პირდაპირ არავინ აცრის, ამისთვის საჭირო იქნება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა:
„ყველა ეს ბავშვი წინასწარ უნდა იყოს შეფასებული; ისინი პირდაპირ არ მივლენ ვაქცინაციის კაბინეტებში და მათ ბრმად არ გაუკეთებენ აცრას.
კითხვებსაც დაუსვამენ, ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეისწავლიან და რაც მთავარია, მშობელმა უნდა იცოდეს, მისი შვილის მდგომარეობა შეესაბამება თუ არა ვაქცინაციის სტატუსს, ერთადერთი უკუჩვენება იმ დღეს ან წინა დღეს დაწყებული, მაღალი ტემპერატურით მიმდინარე მწვავე დაავადება – ასეთ დროს ვაქცინაცია არ შეიძლება“. – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაგწყვეტილება და 12 წლიდან ბავშვების აცრა შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“ ვაქცინით.
