ერეკლე ბაღაშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რამდენიმე დღის წინ მან 525 კმ დაფარა და ველოსიპედით იმოგზაურა ლაგოდეხის ნაკრძალიდან სარფამდე.
გარდა ამისა, ერეკლემ პორტუგალიიდან საქართველომდე ველოსიპედით იმოგზაურა.
აღსანიშნავია, რომ ერეკლე ბაღაშვილი ცნობილი ვლოგერისა და „ბიუთი ლაბის“ დამფუძნებლის, ქეთა ბაღაშვილის ძმა.
რეკორდსმენმა საკუთარ გამოცდილებაზე სალომე კასრაძის პოდკასტში ისაუბრა.
„ძალიან რთული გზა უნდა გაიარო, რომ მიაღწიო მიზანს. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ შეძელი, არამედ ის, რომ გაბედე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ მთელი ძალისხმევა ჩადო და წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ჩემთვის გამბედაობაა მთავარი,“ – აღნიშნა ერეკლე ბაღაშვილმა.
როგორც ის ამბობს, ბოლო ერთი წელი პორტუგალიაში სწავლობდა და სწავლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოში ველოსიპედით დაბრუნებულიყო:
„მჯეროდა, რომ ფიზიკურად ამისთვის მზად ვიყავი. ბევრი რამე გვერდზე გადავდე, რომ ეს გამეკეთებინა. საინტერესო გზა იყო, საქართველოში იმხელა მუხტით ჩამოვედი, 2 თვეს კი არა, ბევრად მეტს მიბალანსებს“.
ერეკლე ბაღაშვილმა და-ძმის ურთიერთობაზეც ისაუბრა:
„ბავშვობიდან მოყოლებული ერთი გუნდი ვართ. ორკაციანი ჯგუფი ვართ. შეიძლება დამოუკიდებლად ჩემი თავისთვის რაღაც არ გავაკეთო, მაგრამ ერთმანეთის გულისთვის ყველაფერს შევძლებთ,“ – აღნიშნა მან.