ბელგიაში დაიწყო ყოველწლიური აქცია, რომელიც მწეველებს მავნე ჩვევასთან გამომშვიდობებაში ეხმარება და ამ პროცესში მათი მეგობრები და ნათესავებიც არიან ჩართულები. მონაწილეები პირობას დებენ, რომ მთელი მაისის განმავლობაში არ მოწევენ, მათი მეწყვილეები კი მათ მორალურად დაუდგებიან გვერდში.
მენტორი თავის თავზე კონკრეტულ მოვალეობებს იღებს: დაქვემდებარებულს ყოველდღიურად მოტივაციას უქმნის, მასთან ერთად აღნიშნავს ყველა წარმატებას და სიგარეტის მოწევის სურვილის გადალახვაში ეხმარება, თვის ბოლოს კი მიღწეული შედეგის აღსანიშნავად სიმბოლურ საჩუქარს გადასცემს. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მენტორობა შეუძლია ისეთ ადამიანსაც, ვინც თავად არის მწეველი, მთავარი დახმარების სურვილია.
მკვლევართა ინფორმაციით, ყოველი მეხუთე ბელგიელი მწეველია, თუმცა მათ 70%-ს ამ მავნე ჩვევის თავიდან მოშორება სურს. პროექტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მხარდაჭერის სისტემით თამბაქოს სამუდამოდ გადაგდების შანსები 2,5-ჯერ იზრდება. გასულ წელს მონაწილეთა 60% სიგარეტს პროგრამის დასრულების შემდეგაც არ დაჰბრუნებია.
წელს ორგანიზატორებმა მონაწილეებისთვის სპეციალური ინსტრუმენტებიც მოამზადეს: მობილური აპლიკაცია რჩევებით, წარმატების აღსანიშნად კალენდარი და პროფესიონალური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა.